ღია ბანკინგის ეკოსისტემა საქართველოში კვლავ ფართოვდება, რაც დადებითად აისახება ინოვაციური ფინანსური სერვისების განვითარებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სებ-ის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „თიფეი“-ს ღია ბანკინგის სერვისების გამოყენების უფლება მიეცა – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, ღია ბანკინგი თანამედროვე ციფრული ფინანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც მომხმარებელს საბანკო სერვისებზე მოქნილ და უსაფრთხო წვდომას სთავაზობს ღია API (Application Programming Interface) ინტეგრაციის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ კომპანიებს შორის.

მსოფლიოს მასშტაბის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, ღია ბანკინგმა გამოიწვია ორგანიზაციებს შორის კონკურენციის ზრდა, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შექმნა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი მონაწილის ჩართვა, რაც მრავალფეროვანი ფინანსური სერვისების შექმნის წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგში ჩართვით შპს „თიფეი“, როგორც მესამე მხარის პროვაიდერი (TPP), ხდება ეკოსისტემის მონაწილე, რომელიც მომხმარებლებს ღია ბანკინგის API-ების გამოყენებით შესთავაზებს ანგარიშის ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურებებს.

ღია ბანკინგის ძირითადი უპირატესობები:

მომხმარებლისთვის მეტი არჩევანი და ინოვაცია: ღია ბანკინგის განვითარება ქმნის უფრო მოქნილ და კონკურენტუნარიან ფინანსურ გარემოს.

ფინანსური ოპერაციების გაუმჯობესება: საბანკო ანგარიშებთან ეფექტური ინტეგრაცია გადახდებისა და ანგარიშების მართვის პროცესს ამარტივებს.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი: ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების დაცულობას.საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ღია ბანკინგის ჩარჩოს განვითარებას და ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: innovationoffice@nbg.gov.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.