საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ ფისკალურ რისკად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების შესაძლო წაგება სახელდება. ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად ფისკალური რისკების ანალიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ამჟამად საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს წინააღმდეგ 8 საქმე მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ დავებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა დაახლოებით 4.8 მლრდ აშშ დოლარია.
ფინანსთა სამინისტრო დოკუმენტში ასევე მიმოიხილავს დასრულებული საარბიტრაჟო დავების სტატისტიკას. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული 7 დასრულებული საქმიდან 4 სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 3 შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
უწყების შეფასებით, წინა წლებში წაგებულ საქმეებზე სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხები მნიშვნელოვანი მოცულობის არ ყოფილა, თუმცა ეს სტატისტიკა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მომავალში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებიც ანალოგიურად მცირე იქნება.
ფისკალური რისკების დოკუმენტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითად ENKA-სთან დაკავშირებული დავაა. საქმე ნამახვანჰესის პროექტზე საინვესტიციო შეთანხმების სახელმწიფოს მიერ შეწყვეტას ეხებოდა. საქართველოს მთავრობამ დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საფრანგეთის იურისდიქციაში გაასაჩივრა.
2025-2026 წლებში საფრანგეთში სააპელაციო პროცედურები მიმდინარეობდა. 2026 წლის სექტემბერში კი ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საქმეზე საქართველოსთვის დაკისრებული თანხა შეადგენს 443.259 მლნ დოლარს, 356 190 ევროსა და 40 362 გირვანქა სტერლინგს. თანხას სრულ დაფარვამდე დაერიცხება SOFR + 4% საპროცენტო განაკვეთი ყოველდღიური დარიცხვით.
საქართველოს წინააღმდეგ დასრულებულ დავებს შორისაა რუსულ კომპანია Inter RAO-სთან დაკავშირებული საქმეც. მხარეებმა 2025 წლის დეკემბერში კომპენსაციის გადახდის გრაფიკზე შეთანხმებას მიაღწიეს. იმ დროისთვის გადასახდელი თანხა 139 მლნ დოლარს შეადგენდა.
გრაფიკის მიხედვით, პირველი გადახდა 2025 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა, მეორე კი – 2026 წლის 10 ივლისს. კომპენსაციის სრულად დაფარვა 2028 წლის 10 ივლისისთვის არის გათვალისწინებული.