„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციამ“ ფინანსთა სამინისტროს საინიციატივო დოკუმენტით მიმართა, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის მთლიანად გაუქმებას გულისხმობს.
ასოციაცია ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე ინიციატივას, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადით დაბეგვრის შემოსავლის ზღვრის 100,000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ზღვრის მექანიკური აწევა მხოლოდ დროებითი ნახევარღონისძიებაა და გამოწვევებს ფუნდამენტურად ვერ გადაჭრის.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ფიზიკური პირების მხრიდან გადახდილი ქონების გადასხადი ბიუჯეტში მიზერულია. საგადასახადო სტატისტიკის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ქონების გადასახადის ლომის წილი (85%-ზე მეტი) მოდის იურიდიულ პირებსა (საწარმოებზე) და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხის წილი მთლიან ქონების გადასახადშიც კი საკმაოდ დაბალია.
კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის საერთოდ გაუქმებით, ბიუჯეტს 22 მილიონი ლარი დააკლდება. თვალსაჩინოებისთვის, რომ წარმოიდგინოთ, რაზეა საუბარი, მაგალითად, მთავრობამ მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში, მარტო ჯარიმებიდან, ამოიღო 127 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, აღნიშნული გადასახადის სრულიად გაუქმება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი არ იქნება.
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ ქონების გადასახადის გაუქმებით, ქვეყანა ადამინისტრაციულ რესურსსაც დაზოგავს.
“ნებისმიერი საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის ერთ-ერთი ამოსავალა წიერტილია გადასახადის ამოღების ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მისგან მიღებულ სარგებელს. დღესდღეობით ათასობით მოქალაქის დეკლარაციის დამუშავება, შეფასება, საჯარიმო სანქციების დაკისრება და თანხების ამოღების პროცესები მოითხოვს ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს რესურსი იხარჯება მიზერული თანხების მისაღებად, რაც სისტემას არაეფექტიანად წარმოაჩენს”.- აცხადებენ თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში.
ასოციაციაში კარგად ესმით ისიც, რომ ქონების გადასახადი ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია, თუმცა თუკი შევხედავთ საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურას, ნათლად დავინახავთ რომ ამ გადასახადის გაუქმებას ფიზიკური პირებისთვის საერთოდ არ ექნება ნეგატიური ეფექტი რეგიონებზე. დღესდღეობით, ქვეყნის ეკონომიკის 60%-ზე მეტი თბილისსა და აჭარის რეგიონებზე მოდის, აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ამ გადასახადის გაუქმებით სხვა რეგიონებს რაიმე დააკლდებათ არარელევანტურია.
საბოლოო ჯამში, ამ თემის ირგვლივ ცვლილებები მისასალმებელია, თუმცა რეალურად, ფიზიკური პირების ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში შესული თანხა იმდენად მიზერულია, რომ არ ღირს ათასობით მოქალაქის ბიუროკრატიული წვალება და ფსიქოლოგიური წნეხი. დროა, ეს გადასახადი სრულად გაუქმდეს. ბიუჯეტი ამას საერთოდ ვერ იგრძნობს, ხალხი კი ამოისუნთქებს.
ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას გაითვალისწინოს წარდგენილი არგუმენტები და ნახევარღონისძიებების ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის სრული გაუქმების შესახებ.
ინფორმაციას „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ ავრცელებს