ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვის დასახლებაში, თამარ მეფისა და თბილისის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყონ. ეს ადგილი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან ახლოს [ჩაქვის მხარეს] მდებარეობს.
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარზე ბათუმის მერია მეექვსე წელია საუბრობს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ შეწყვიტეს.

მონიშნულია თავშესაფრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია
ამჯერად „ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე“ – ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შპს „მტმ“-თან 8 მილიონ 944 ათას 444 ლარზე აქვს გაფორმებული.
ტენდერში „მტმ“-ის გარდა კიდევ ხუთი კომპანია მონაწილეობდა.
„მტმ“-თან 2026 წლის 13 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით თავშესაფარი 2026 წლის 11 დეკემბრამდე უნდა მოეწყოს.

საპროექტო ტერიტორია ბათუმში [ჩაქვის დასახლებაში] სადაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი უნდა ააშენონ / ფოტო პროექტიდან
ცალკე ტენდერია გამოცხადებული თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე 96 ათას 85 ლარით, სადაც წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყება და 27 ინვარს დასრულდება.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე ბათუმში ბოლო ექვსი წელია ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამას და თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას აანონსებდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ განხორციელებულა.
- დაპირებების 6-წლიანი ქრონოლოგია
2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. პროგრამა არ დაწყებულა.
ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც 2020 წელს დააანონსეს. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].
ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].
2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.
მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ იყო.

მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვში / გეგმა პროექტიდან
ჩაქვის დასახლებაში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობაზე ტენდერი ამჯერად 9 608 515 ლარით იყო გამოცხადებული.