აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100%-ით მზადაა ხელმოსაწერად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება, რომ პარტნიორები დაადგენენ კონკრეტულ თარიღს ხელმოწერისთვის.
„ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები პირველ ადგილზეა. ეს არის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების მხრიდან. დოკუმენტი 100%-ით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან დადასტურებას მისი ხელმოწერის თარიღისა და ადგილის შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განმარტებით, ამის შემდეგ, დოკუმენტი რატიფიცირებული უნდა იყოს აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ევროპული ნაწილი უნდა მოიცავდეს „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს.
„უკრაინის მეორე უსაფრთხოების გარანტიაა ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება ყველა კლასტერის გასახსნელად 2026 წლის პირველ ნახევარში და სრულად მზად იქნება „ტექნიკურ დონეზე“ გაწევრიანებისთვის 2027 წელს.
„ჩვენ გვსურს ჩვენს შეთანხმებაში კონკრეტული თარიღის მითითება, რათა შემდეგ ეს შეთანხმებები დაიცვას ყველა მხარემ, მათ შორის აგრესორმა, რომელიც ხელს მოაწერს 20-პუნქტიან გეგმას, თუ ეს დრო დადგება, რათა შემდეგ ვერავინ შეძლოს ჩვენი დაბლოკვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ არ შეცვალა თავისი პოზიცია ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროგრესი მოითხოვს ყველა მხარის მზადყოფნას კომპრომისზე წასასვლელად. აბუ დაბიში, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შედეგების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პრობლემური საკითხები შემცირდა, თუმცა ტერიტორიული საკითხი უცვლელი რჩება.
„განხილული იყო 20-პუნქტიანი გეგმა და პრობლემური საკითხები. ბევრი პრობლემური საკითხი იყო, მაგრამ ახლა ისინი უფრო ნაკლებია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელები ცდილობენ დონბასთან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისის პოვნას. მისივე თქმით, ამისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია შეხვედრების სამმხრივი ფორმატი, რომელიც დიდი ხანია, არ ჩატარებულა.
„ეს შესაძლოა, პირველი ნაბიჯებია ამ კომპრომისის პოვნისკენ, თუმცა კომპრომისზე წასასვლელად ყველა მხარე მზად უნდა იყოს, მათ შორის, სხვათა შორის, ამერიკული მხარეც“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.