ლათინოამერიკული მუსიკა, მოცეკვავე სილუეტები, თვალსაჩინო წარწერები: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პატარა ჰავანაში“ - და ეს ყველაფერი ფლორიდაში, მაიამის კუბურად მფეთქავ გულში. ამ ცნობილ უბანში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა 2024 წელს დონალდ ტრამპს მისცა ხმა. ამერიკის პრეზიდენტი აქ დღესაც ძალიან პოპულარულია. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი საუკეთესო პრეზიდენტია, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია ამერიკას, შესაძლოა მხოლოდ ჯორჯ ვაშინგტონის გარდა,“ - გვიზიარებს თავის პოზიციას ერთ-ერთი ადგილობრივი.
ბევრი ასევე მხარს უჭერს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი ვენესუელაში დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ზოგიერთი აქაური, მაგალითად ფერნანდო, იმედოვნებს კიდეც, რომ აშშ-ის შემდეგი პოლიტიკური სამიზნე კუბა იქნება. „მე კომუნისტური ქვეყნიდან, კუბიდან ვარ. ამერიკაში თითქმის ორმოცდაათი წელია ვცხოვრობ. ძალიან მომწონს ის, რასაც ტრამპი აკეთებს,“ - გვითხრა მან.
ბოლო დროს, დისკუსიების ეპიცენტრში საიმიგრაციო პოლიციის (ICE) მიერ განხორციელებული დაკავებებიც მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებებს ყველა არ ეთანხმება, ბევრი ადგილობრივი კვლავ იცავს პრეზიდენტს. „ბევრი ოპერაცია და დეპორტაცია ხორციელდება, ეს სიმართლეა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ტრამპი თავის საქმეს კარგად ართმევს თავს“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ტრამპს ფლორიდაში ამომრჩეველთა თითქმის 50% კვლავ მხარს უჭერს
საიმიგრაციო პოლიციამ, ერთი წლის განმავლობაში, თითქმის 20 000 ადამიანი დააკავა. მაიამიში სამიზნე, ძირითადად, მულტიკულტურული უბნები გახდა. ბევრი მიგრანტი ახლა უნდობლობისა და შიშის ატმოსფეროში ცხოვრობს. „აქ ოცდაათი წელია ვცხოვრობ და ასეთი რასისტული მთავრობა არასდროს მინახავს“, - ჩივის ჰონდურასელი მიგრანტი.
ასეთი ვითარებაში, ზოგიერთი მცხოვრები ერთიანდება, რათა დაკავებებით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს. მათ შორისაა საიმიგრაციო კოალიცია Indivisible-ის პრეზიდენტი, ბარბარა ერივი. „ჰუმანური თვალსაზრისით, არ შემიძლია დავუშვა, რომ ხალხი დატერორებული იყოს. თავს უფლებას ვერ მივცემთ, ამ ყველაფერს, უბრალოდ, გვერდიდან ვუყუროთ“, - განაცხადა მან.
დაძაბულობის მიუხედავად, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს ფლორიდაში ამომრჩეველთა თითქმის 50% კვლავ მხარს უჭერს.
წყარო: 1 არხი