ბათუმის შემოსასვლელში გზის რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიას კერძო საკუთრების გამოყენებაც მოუწევს, რისთვისაც „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხუთ ოჯახთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ასეთ დროს ხდება გამოსყიდვა, ქონების გაცვლა, კომპენსაცია ან უკიდურეს შემთხვევაში – ექსპროპრიაცია, თუ შეთანხმება მერიასა და კერძო მესაკუთრეს შორის არ შედგება.

საუბარია პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციას თბილისის ქუჩის დასაწყისამდე.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული პროექტი მრავალწლიანია და სამუშაოების საერთო ღირებულება [2026-2027 წწ.] შეადგენს 58 მილიონ 712 ათას 832 ლარს. ამ პროექტისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარია გაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები ბათუმის მერიას არ დაუსრულებია, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი [თუმცა, მხოლოდ I მონაკვეთის] რეაბილიტაციაზე უკვე გამოაცხადა – 29,5 მილიონი ლარით.

I მონაკვეთი, როგორც პროექტშია აღნიშნული, არის თამარ მეფის გამზირი – თამარის დასახლებიდან [კულტურის ცენტრის შენობიდან] მწვანე კონცხამდე [თბილისის ქუჩის დასაწყისამდე]. ეს მონაკვეთი ქვემოთ, რუკაზე, წითელი ხაზითაა მონიშნული:

თამარ მეფის გამზირისა და თბილისის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე მონაკვეთთან დაკავშირებით, პროექტში აღნიშნულია, რომ „მონაკვეთზე გზის ღერძი მოწყობილია ორი მცირე რადიუსის ურთიერთშებრუნებული მრუდით. აღნიშნული კონფიგურაცია იწვევს საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკებს – მძღოლებისთვის რთულად აღქმადი ტრაექტორია განსაკუთრებით წვიმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში ქმნის საავარიო სიტუაციებს“.

თამარ მეფის გამზირისა და თბილისის ქუჩის კვეთა ბათუმში. პროექტში საუბარია თამარის გამზირის ამ ადგილზე გზის მრუდის გასწორებაზე [დაახლოებით წითელი ხაზის მიხედვით]

„სიტუაციის ტექნიკურად და ფუნქციურად გამართვის საუკეთესო გზა არის მრუდების რადიუსების გაზრდა და მონაკვეთის მაქსიმალურად გასწორება. ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მოძრაობის გლუვ და უსაფრთხო ტრაექტორიას, ხელს შეუწყობს ტრანსპორტის შენელების საჭიროების შემცირებას და გააუმჯობესებს საერთო მოძრაობის დინამიკას.

აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელებისთვის აუცილებელია გზის ღერძის გარკვეული გადანაცვლება, რის შედეგადაც განიხილება [კერძო საკუთრებაში არსებულ] მიწის ნაკვეთზე შესვლის საჭიროება. ეს საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული გზის გეომეტრია, რაც შეამცირებს ავარიების რისკს და გააუმჯობესებს სატრანსპორტო მოძრაობის პირობებს“ – აღნიშნულია პროექტში.

ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან მერიას მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.

პროექტში კიდევ ერთი „პრობლემური ადგილია“ მითითებული. ეს არის თამარის დასახლებაში რკინიგზის ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორია [„ბენზეს“ ძველ 12-სართულიანებთან], სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

„გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს ბარაკების ტიპის თვითნებურად გაშენებული დასახლება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გზის ფუნქციური ელემენტების სრულყოფილად მოწყობის შესაძლებლობას. არსებული მიწის ვაკისის სიმცირის გამო, გზის ოთხი სამოძრაო ზოლის მოწყობის შემთხვევაში ფაქტობრივად აღარ რჩება სივრცე ტროტუარებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტებისთვის, რაც წარმოშობს შემდეგ პრობლემებს:

საგზაო უსაფრთხოება: ჭიშკრებიდან და ეზოებიდან ტრანსპორტის შესვლა-გამოსვლა ხდება შეზღუდულ არეზე, რაც ქმნის მაღალი რისკის საავარიო სიტუაციებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო მოძრაობა ინტენსიურია.

ფეხით მოსიარულეთა პირობების დარღვევა: სივრცის არარსებობის გამო შეუძლებელია სტანდარტების შესაბამისი ტროტუარების მოწყობა, რაც საფრთხეს უქმნის ფეხით გადაადგილების უსაფრთხოებას.

საპარკინგე ადგილების დეფიციტი: მონაკვეთი მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ არეში, სადაც ავტოსადგომების მოთხოვნა მაღალია, თუმცა არსებული მდგომარეობა არ იძლევა ამ სივრცეების განსათავსებლად საჭირო ფართობის გამოყოფის შესაძლებლობას.

ქალაქის იერსახის დაზიანება: ბარაკების ტიპის არაორგანიზებული დასახლება არსებითად ამახინჯებს ბათუმის ურბანულ იერსახეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული და ეკონომიკური კუთხით“ – წერია პროექტში.

ბათუმის მერია აქ „ბარაკების ტიპის დასახლების“ დემონტაჟს გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ამ ბარაკების მოპირდაპირედ მდებარე ერთ და ორსართულიანი სახლებიც უნდა დაანგრიონ – აქ, ზღვის პირას, მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, 3 ცათამბჯენი უნდა ააშენონ.

პროექტში აღნიშნულია, რომ ამ „ბარაკების დემონტაჟის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება: ტროტუარების, ველობილიკებისა და სხვა საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა; პარკინგის ზონების ინტეგრირება გზის მიმდებარედ; ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება; და რაც მთავარია, ქალაქის ესთეტიკური იერსახის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“.

იქვე აღნიშნულია, რომ „ეს ღონისძიებები სრულად პასუხობს როგორც თანამედროვე საგზაო სტანდარტებს, ისე ურბანული გარემოს განვითარების მიზნებს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიას დემონტაჟი გადაწყვეტილი აქვს და აქ მოლაპარაკებები ოთხ ოჯახთან მიმდინარეობს.

ტენდერში, რომელიც გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 2026 წლის 11 თებერვალს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 თებერვალს დასრულდება. სატენდერო თანხა [პირველი მონაკვეთის რეაბილიტაციის] 29 548 035 ლარია.

პირობებში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი“.

აქ აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერია პროექტებს დაგეგმილ ვადებში ხშირად ვერ ასრულებს, თუ საკითხი კერძო საკუთრებასაც ეხება. ამ დროს საქმე ექსპროპრიაციამდეც კი მიდის.

ასე მოხდა მაგალითად ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტთან დაკავშირებით – თანხა გამოყოფილი იყო, ტენდერიც დასრულებული, თუმცა კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების პროცესი გაიწელა, სამუშაოები კი ამ დრომდე არ დაწყებულა.

batumelebi.netgazeti.ge