როგორც გამოცემა Israel Hayom საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, აშშ-მ ისრაელის დაზვერვის დახმარებით მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ირანმა დაპირების მიუხედავად აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული 800-ზე მეტი დემონსტრანტი სიკვდილით დასაჯა.
გამოცემის მიხედვით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა აშშ-სთვის გაგზავნილ შეტყობინებაში დადო პირობა, რომ რეჟიმი აქციის მონაწილეებს სიკვდილით არ დასჯიდა. თუმცა, აშშ-ს მიერ ისრაელის დახმარებით მოპოვებული ინფორმაცია მოიცავს მტკიცებულებებს, რომ ირანმა დემონსტრანტები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით სიკვდილით მაინც დასაჯა. Israel Hayom-ის მიხედვით, ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანმა აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.
Israel Hayom-ის მიხედვით, აღნიშნული საკითხი ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გუნდმა და ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა განიხილეს.
გამოცემის თანახმად, უიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებით დიპლომატიურ გამოსავალს უჭერენ მხარს და მათ კატარი, თურქეთი და საუდის არაბეთი ემხრობა. Israel Hayom ასევე წერს, რომ ამ პოზიციას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი უპირისპირდებიან და ირანის რეჟიმის წინააღმდეგ იერიშის მიტანას უჭერენ მხარს. გამოცემის თანახმად, ამ პოზიციას ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ევროპის ნაწილი, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო ემხრობა.
გამოცემა საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანზე იერიშის მიტანის შემთხვეაში მოსალოდნელია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და იორდანია აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს სრულ ლოჯისტიკურ მხარდაჭერას გაუწევს, ირანის მიერ პოტენციურად გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს ჩამოაგდებს და აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.
გარდა ამისა, Israel Hayom აღნიშნავს, რომ გუშინ, 24 იანვარს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ბრედლი კუპერი ისრაელს ეწვია და ირანზე დარტყმის შემთხვევაში იერიშის ოპერაციული მეთაური იქნება.
დღეს, 25 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ კუპერი IDF-ის შტაბის უფროსს, გენერალ ეიალ ზამირსა და სხვა ისრაელელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა, რამაც მხარეებს შორის "ახლო სტრატეგიული ურთიერთობები" განამტკიცა.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.
საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. პარალელურად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.
აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.
მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს "ყურადღებით აკვირდება".
"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.
გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი უახლოვდება, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს. 23 იანვარს Fox News ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ ავიამზიდი აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში ჯერ კიდევ არ იყო შესული და, შესაბამისად, ირანთან დარტყმის მანძილზე არ იმყოფებოდა.
ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები "იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ".