ჯარიმები ჩვენი თვითმიზანი არ არის - ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეხს, არამედ როგორც პრევენციას - ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ამ მზარდი დარგის პროპორციულია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბანკებისთვის ჯარიმების ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეროვნული ბანკის მიზანი „დარღვევის პრევენციაა“.

„ჯარიმები, ზოგადად, ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი მიზანია სხვადასხვა დარღვევის პრევენცია. ჯარიმა უნდა ემყარებოდეს სამართლიანობის პრინციპს, უნდა იყოს დარგის ზომის პროპორციული, ეფექტური და შესაბამისად, პრევენციულ დატვირთვას ატარებდეს. დაახლოებით, 15 წელია არ შეცვლილა ჯარიმების ნიხრები და ამ 15 წელიწადში საბანკო სფერო ძალიან კარგად და სწრაფად განვითარდა. შესაბამისად, აბსოლუტურად მართებული იყო ჩვენი გადაწყვეტილება.

ჩვენ გავზარდეთ ჯარიმების ზედა ზღვარი, თუმცა, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული გვაქვს ეს გრადაცია. ამიტომ, იშვიათად ვიყენებთ მაქსიმალურ ზღვარს. მაგრამ გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას. მერწმუნეთ, სხვა განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში გაცილებით უფრო მკაცრი მიდგომაა.

ჩვენ ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეხს, არამედ როგორც პრევენციას. ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ამ მზარდი დარგის პროპორციულია.

რაც შეეხება მიკროსაფინანსოებს. მივესალმებით, რომ ორი მათგანი მიკრობანკად გარდაიქმნა. ეს იყო ჩვენი მოლოდინი, როდესაც რამდენიმე წლის წინ მიღებულ იქნა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა. ვულოცავთ ამ ორ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სხვა სტატუსში წარმოდგენას ჩვენს ბაზარზე. ზოგადად, მივესალმებით ახალი საბანკო მოთამაშეების გაჩენას იმიტომ, რომ კონკურენცია გაიზრდება. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით, როგორ მოიკიდებენ ფეხს, რადგან გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, მეტი რეგულაციაა, რომელიც ეკუთვნის საბანკო სუბიექტს, ვიდრე მიკროსაფინანსოს. დარწმუნებულები ვართ, რომ თავს გაართმევენ. გაიზარდა ბაზარი, გაიზარდა მოთხოვნა, ამიტომ გვინდა, რომ მეტი საფინანსო სერვისის წარდგენის და გაცემის შესაძლებლობა მივცეთ. ამასთან, ამ კონკრეტულ სეგმენტში გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. რეგულაციებს რისკებიდან გამომდინარე შევხედავთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, თურნავას თქმით, „არასწორი შეფასებაა, რომ ბანკებს რომელიმე სესხის გაცემა უჭირთ“.

„არასწორი შეფასებაა, რომ ბანკებს უჭირთ რომელიმე სესხის გაცემა. თუ გადახედავთ სესხების დაკრედიტების ზრდის ტემპს, ის არის საკმაოდ მაღალი, თუმცა მდგრადს ვეძახით, დაახლოებით, 17-18%. ეს საკმაოდ მზარდი საქმიანობაა და აქ რაიმე შეფერხებას ვერ ვხედავთ“,- აღნიშნა თურნავამ.

ipn.ge