"საქსტატის" ინფორმაციით, ოქტომბერში ინფლაციამ 5,2% შეადგინა. რაც მთავარია, ინფლაციის დონის განსაზღვრაში ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფმა მოახდინა, რამაც 11,7% შეადგინა, უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქცია კი 11,3%-ით გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალია. ამის პარალელურად, "საქსტატის" თანახმად, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპიც შენელდა და 6%-ია. სექტემბერში ზრდა 6,4%-ს შეადგენდა, აგვისტოში კი - 6,6%-ს. რას ნიშნავს ეს მაჩვენებლები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და როგორი ზამთარი ელოდება ქვეყანას, ამ საკითხებზე "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს ვესაუბრებით.
- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან რასაც საშუალო ინფლაციად აქვეყნებენ, სტატისტიკურად, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორია ფასების ზრდა იმ პროდუქციაზე, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა პირველ რიგში მოიხმარს. ჩვენი სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი ისედაც სურსათზე მოდის და საშუალო და, მით უმეტეს, ღარიბი ოჯახისთვის მთავარია სურსათი, მედიკამენტები, რაც, როგორც წესი, ყველაზე მეტად ძვირდება. საშუალოდ, თითქმის 12%-მდეა ზრდა ერთ წელიწადში და "საქსტატმაც" რომ არ გვითხრას, ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც მაღაზიაში ან აფთიაქში შედის, ხედავს, როგორ იზრდება ფასები. ეს კი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტად გვაღარიბებს, ვიდრე ზოგადად საშუალო ინფლაცია, რომელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია პროცენტულად - ოქტომბერში 5,2% იყო. დეკემბრის დამდეგს უკვე გამოქვეყნდება ნოემბრის ინფლაციაც, რომელიც, ალბათ, უკვე პიკია წლიური ინფლაციისა და ეროვნული ბანკიც, პრინციპში, ასე ფიქრობს.
- ეს როგორ აისახება საზოგადოებაზე? თან ახლა პრემიერმა თქვა, სოციალურად დაუცველთა რიცხვი უნდა შევამციროთო და ამ კატეგორიას რა ეშველება?
- ზუსტად ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობთ, რას მოიხმარს საშუალო ქართული ოჯახი. ვიღაცისთვის, პირობითად, ქირა ან დასვენება და გართობა რომ გაიაფდა, ეს შეღავათი არ არის. მთავარი ამ ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, არის ფასები იმაზე, რასაც ყოველდღიურად მოიხმარენ და რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია - პირველადი მოხმარების პროდუქცია. სოციალურად დაუცველებს, როგორც ჩანს, ჩამოართმევენ სტატუსს, იმიტომ, რომ ბევრ მათგანს მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ჰქონდა ეს სტატუსი მინიჭებული. ხელისუფლება მათ ეუბნება, ერთი სამ წელიწადს, მინიმუმ, არაფერში გვჭირდებით და მერე რაღაც იქნებაო. მათ სჭირდებათ იმ ბიუჯეტის შეკვეცა, რომელიც სხვა თანაბარ პირობებში, თუ ვსაუბრობთ ამ რაღაც 7%-იან და 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, უპრობლემოდ უნდა გვეზრდებოდეს. შემოსავლებიდან ფული უნდა შედიოდეს ბიუჯეტში, და თუ რეალურად ეკონომიკური ზრდაა, საშუალოდ ავიღოთ, რომ ყველა სექტორი ერთად 7%-ით იზრდება, რატომ არ შედის მინიმუმ ამდენით გაზრდილი გადასახადები ბიუჯეტში და რატომაა ლაპარაკი რაღაც პრობლემებზე? რატომ დაიწყო ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მიუთითებს, რომ ცდილობს რაღაც ხარჯები დაზოგოს. რეალურად გამოდის, საქმე კარგად ნამდვილად არ არის. იმ ქართული ოჯახებისა და მით უმეტეს, სოციალურად დაუცველებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა ფასების 12%-იანი ზრდა სურსათზე. ხორცის, რძის პროდუქტების, ბურღულეულის ფასები მნიშვნელოვნად არის გაძვირებული და ახლა ამას რომ უყურებს მოქალაქე, მისთვის თქმა, რომ ჩვენ სტაბილური ინფლაცია გვაქვს, სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსო, ძალიან არადამაჯერებელია და ეს სიტყვები მისთვის აბსოლუტური სიცარიელეა. არ სჭირდება ამას სტატისტიკური დაკვირვება, მოქალაქეებმა რომ დათვალონ, როგორ გაიზარდა მათი შემოსავლები და როგორ გაიზარდა მათი ხარჯები. ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ მათი მდგომარეობა რეალურად ძალიან გაუარესებულია. ეკონომიკური ზრდაც, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, იმ სექტორებზე არ მოდის, რომლებიც ინკლუზიურია და რომელიც მეტ ადამიანს ასაქმებს. ეს სექტორებია მცირე და საშუალო მეწარმეები, სოფლის მეურნეობა, სადაც არ გვაქვს ზრდა. ზრდა კი არა, შეიძლება შემცირებაზე ვსაუბრობდეთ. აგერ კიდევ დაგვეცა ახალი ამბავი, რომ დეველოპერებისთვის კიდევ შეღავათებზე ფიქრობენ, რომ იქნება იპოთეკური სესხები ცოტა ადვილად გაიცეს, რადგან რეალურად შემცირებულია და ყველამ კარგად იცის, რომ მცირდება მაშინ, როდესაც ადამიანს ხვალინდელი დღის იმედი არა აქვს. ერთადერთი, რაც განუხრელად იზრდება, სამწუხაროდ, არის მხოლოდ ფასები. ამას თავისი მიზეზები აქვს.
- რა არის ეს მიზეზები?
- ინფლაცია ეტაპობრივი პროცესია და პირველ რიგში ძვირდება საქონელი, ანუ სურსათი და სხვა და ამას მოჰყვება მომსახურება, რაც იწვევს ხელფასების გაზრდას. დასაქმებული ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ გაეზარდა ფასები და ვეღარ სწვდება ვერაფერს, რა თქმა უნდა, ხელფასის გაზრდას ითხოვს. ეს კი თავისთავად ნიშნავს მეტი ფულის გაშვებას ბაზარზე და როცა მეტი ფული გამოდის, ის უფრო მეტად ასტიმულირებს ფასების ზრდას. ეს მარტივი ეკონომიკური კანონია, ანუ საქართველოში "კოვიდის" მერე დაიწყო ინფლაცია და პირველ ეტაპზე, 2021-22 წლებში ინფლაცია ორნიშნა იყო. შემდეგ შედარებით დასტაბილურდა და საბაზო ეფექტის გამო, ისეთი მაღალი აღარ იყო, მაგრამ როდესაც ამას უკვე ხელფასების ზრდა მოჰყვა, ამან ხელახლა წაახალისა ფასების ზრდა. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, საგარეო და დღეს ერთადერთი, რაც გვშველის, ის არის, რომ ნავთობის ფასი მცირდება ან სტაბილურია. ეს რომ არ იყოს, ვითარება უფრო სავალალო იქნებოდა.
ჩემი აზრით, მიზეზები ეს არის და ვერ ვიტყვით, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილებულია. ახლა გვაქვს რეფინანსირების 8%-იანი განაკვეთი, რაც საკმაოდ მაღალია და ნამდვილად არ არის რბილი მონეტარული პოლიტიკის მაჩვენებელი. მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს ამ განაკვეთის ჩამოწევას. ამიტომ ეს პრობლემები საკმაოდ კომპლექსურია. თავისთავად, როდესაც ეკონომიკური ზრდა მაღალია, ფასების ზრდაც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთან მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება სათანადოდ და ვერ ეწევა გაზრდილ ხარჯებს. მდიდრდება მხოლოდ ვიწრო პარტიული ელიტა, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ ციხეშიც შეიძლება აღმოჩნდეს, დანარჩენი ადამიანების მდგომარეობა კი თვიდან თვემდე თავის გატანაა.
- ჩვენს სამეზობლოში ფასები გაცილებით დაბალია. ბევრი თურქეთში გადადის პროდუქტების საყიდლად. ევროპაშიც გაცილებით დაბალია პროდუქტის ფასები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კაფეებში ჭამაც კი ევროპაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. ეს რატომ ხდება, რა განაპირობებს ამას?
- ფასების ზრდას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, მოთხოვნა გაიზარდა ტურისტული ნაკადებისა და მიგრანტების შემოდინების ხარჯზე, რომელთაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით მაღალი მსყიდველუნარიანობა აქვთ. ამას ემატება იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება კონვერტაციის, დღგ-ისა და საბაჟო მოსაკრებლების გამო, რადგან საქართველო არ არის ევროკავშირის საერთო ეკონომიკური სივრცის ნაწილი. მეორე მხრივ, ფასების ზრდას ხელს უწყობს კონკურენციის დაბალი დონე ადგილობრივ ბაზარზე, სადაც ხშირად ოლიგოპოლიური გარემოა შექმნილი. ასევე, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა და გაზრდილი რისკები ყოველთვის აძვირებს ფასებს. ზოგადად სუბსიდირების მომხრე არა ვარ, მაგრამ თუ მაინც აკეთებ, გააკეთე იქ, სადაც საჭიროა და არა ვთქვათ, რთვლისთვის, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკური თვალსაზრისით სჭირდება და არა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რათა შედეგი ეკონომიკაზე ჰქონდეს და ადამიანების მდგომარეობა გააუმჯობესოს. პრობლემა ბევრია და ისინი მწვავდება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების ფონზე, რომელიც ხშირად იყენებს მუდმივი ტურბულენტობის რეჟიმს ეკონომიკური საკითხების მეორე პლანზე გადასატანად.
- სხვა პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, ფასების ზრდა რამდენად ბუნებრივია? ხშირად გვესმის, რომ საქართველოში ფასნამატები ათმაგი და მეტია და ეს რამდენად რეალურია? გასაგებია, რომ მოთხოვნა ზრდის ფასს, მაგრამ მიწოდების საშუალება რომ გაქვს, ფასს რატომ ზრდი, გაყიდე მეტი იმავე ფასად, ხომ არის ეს შესაძლებელი?
- საქართველოში მაღალი ფასები მრავალი ფაქტორის შედეგია. უცხოელი ინვესტორებისა და იმპორტიორებისთვის ქვეყანა სარისკო ბაზარია არასტაბილური ეკონომიკისა და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის გამო. ეს რისკები მაღალი მარჟით უნდა იყოს დაზღვეული, რაც ფასებზე აისახება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაბალი კონკურენციაა. ბევრ ბიზნესსექტორში ჩაკეტილი სისტემა და ოლიგოპოლიური გარიგებებია, რაც ხელს უშლის კონკურენციის გაზრდას. ხელისუფლება არ უწყობს ხელს კონკურენციას, პირიქით, ურჩევნია, ბაზარი ეკუთვნოდეს რამდენიმე მსხვილ პროსახელისუფლებო ბიზნესჯგუფს. ამის გამო, ახალ ბიზნესებს ან უცხოელ ინვესტორებს არა აქვთ მოტივაცია, შემოვიდნენ ბაზარზე.
გარდა ამისა, მაღალი რისკები ამ ქვეყანაში არ იწურება, პირიქით, ემატება. ფასების ზრდის ფაქტორებს შორის არის ისიც, რომ უცხოური შემოდინების წყაროები, როგორიცაა ევროკავშირის გრანტები და დახმარებები, რომლებიც მთავრობას ან არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლეოდა, ფაქტობრივად, გადაკეტილია და ბევრი საერთაშორისო პროექტი დაიხურა, რაც ზოგად ეკონომიკურ სურათზე უარყოფითად აისახება.
- გასაგებია, რომ ხელისუფლება ფასებს ვერ დაადგენს, მაგრამ ხელისუფლებას რისი გაკეთება შეუძლია, რომ ინფლაცია ასე მწვავედ არ აისახებოდეს მოსახლეობაზე?
- ფასების შემცირებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რამდენიმე ძირითადი ნაბიჯის გადადგმა. პირველ რიგში, ბაზარი უნდა გაიხსნას და მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა. ადგილობრივი კაპიტალი და დანაზოგი არ არის საკმარისი ქვეყანაში ქარხნების, სასტუმროებისა თუ გზების ერთად ასაშენებლად. ასევე აუცილებელია კონკურენციის ზრდა ადგილობრივ ბაზარზე და მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლება. მნიშვნელოვანია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და ხვალინდელი დღის რწმენის გაჩენა ადამიანებში, რათა მათ ჰქონდეთ მინიმუმ ერთი-ორი წლის განჭვრეტადი პერსპექტივა. ხვალინდელი დღის იმედის გარეშე ძნელია ფასების შემცირებაზე საუბარი. ფასები არ შემცირდება, რადგან გაზრდილი რისკები და ზეწოლა ყოველთვის ნიშნავს გაზრდილ ფასს. რისკები იზრდება, როდესაც მცირდება უცხოური ინვესტიციები და კონკურენცია, ქვეყანას ნაკლებად დამოუკიდებელი სასამართლო ექნება, ერთი კონკრეტული ელიტა გამდიდრდება და "გიჟური კანონების" მიღებით წყვეტს ქვეყნის ბედს. ამას უყურებს როგორც ბიზნესი, ისე ხალხი.
- არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა მოლოდინი გაქვთ, მით უმეტეს, წინ ზამთარია, რა იქნება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობისა და იმავე ფასების თვალსაზრისით?
- ხელისუფლების წარმოდგენილი მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების სექტორზე მოდის. ამ სფეროში დასაქმებულთა უმეტესობა მიგრანტები არიან, რომლებიც გამარტივებული წესით იღებენ ცხოვრების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სექტორი გარკვეულ დოვლათს ქმნის, მას საბიუჯეტო შემოსავლებში დიდი წილი არა აქვს, რადგან ბევრი გადასახადისგან არის გათავისუფლებული, მათ შორის უცხოური კომპანიები.
ეკონომიკა რომ გაუმჯობესდეს, ის ინკლუზიური დარგები უნდა გაიზარდოს, რომლებიც მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც შემდეგ ამ სექტორში ხელფასების ზრდას გამოიწვევს.
ამ ეტაპზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაზაფხული, სავარაუდოდ, რთული იქნება. პრობლემებს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ქვეყანა, სამწუხაროდ, "ფულის სამრეცხაო" გახდა, რაც მშენებლობებზე გაზრდილ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, თბილისში ბინების ფასები ესპანეთის ვილა-კურორტების ფასებს უტოლდება, რაც არალოგიკურია ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. სანამ ეს პრობლემები არ გადაწყდება, მოსახლეობის უმრავლესობას პრობლემები არ დაელევა. გამდიდრდება მხოლოდ ვიწროპოლიტიკური და მასთან დაკავშირებული ბიზნესელიტა. ამიტომ აუცილებელია არსებობდეს სამართლიანი თამაშის წესები, რისი წყალობითაც, კონკურენციის ზრდითა და მონოპოლიების შეზღუდვით, ჩვენი მოქალაქეები მოგებული დარჩებიან.