სოჭზე მასშტაბური დრონებით შეტევის ფონზე აფხაზურ Telegram-არხებზე შესაძლო რისკებზე საუბრობენ, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანებით გამოწვეულ საწვავისა და სურსათის მიწოდების შეფერხებაზე.

არხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ სოჭზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური თავდასხმის შედეგად შავი ზღვის აკვატორიაში სავაჭრო გემიც დაზიანდა და ის იძულებული გახდა აფხაზეთის სანაპიროსთან გადაენაცვლა. ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ამ ეტაპზე რუსულ მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამავე პოსტში ნათქვამია, რომ უკრაინული მხარე, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს დაგეგმილი რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ვითარების მაქსიმალურ ესკალაციას ცდილობს. არხი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გაიზარდოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების რისკიც, რასაც, მისი შეფასებით, ნავთობპროდუქტებთან ერთად სურსათის მიწოდების შეფერხება შეიძლება მოჰყვეს.

„და ჩვენს მთავრობას საერთოდ აქვს წარმოდგენა ისეთ ცნებაზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება? და აქვს თუ არა მას გეგმა მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში?“ – წერს Telegram-არხი.

სოჭზე დრონების შეტევა 4 სექტემბერს განხორციელდა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აღმოაჩინეს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და შენობის მინა და ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზის ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ ყოფილან.

სოჭის მერის განცხადებით, ქალაქის ძირითადი სასიცოცხლო, სოციალური, საბინაო-კომუნალური და საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. ამასთან, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძრის გამო ადგილობრივი ხელისუფლება საწვავის მიწოდების შესაძლო გართულებაზე საუბრობდა.

თავდასხმის გამო სოჭის აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე დროებითი შეზღუდვები რამდენჯერმე დაწესდა.

წყარო: ნეტგაზეთი