საქართველოში, ჯამში, 88 035 ჰექტარ ფართობზე 4 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
გეგმის თანახმად, მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 3 ეროვნული პარკისა და 1 აღკვეთილის შექმნას.
კერძოდ:
- მყინვარის ეროვნული პარკი — მესტიის მუნიციპალიტეტში, 49 623 ჰექტარზე;
- ლენტეხის ეროვნული პარკი — ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 20 392 ჰექტარზე;
- ლეჩხუმის ეროვნული პარკი — ცაგერის მუნიციპალიტეტში, 15 737 ჰექტარზე;
- ხვამლის აღკვეთილი — 2 283 ჰექტარზე.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია 10 ახალი ბუნების ძეგლის შექმნაც.
ცაგერის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია:
- „საირმის სვეტების ბუნების ძეგლი“ — 32.6 ჰექტარზე;
- „ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“ — 0.35 ჰექტარზე;
- „რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“ — 1.7 ჰექტარზე.
მესტიის მუნიციპალიტეტში კი იგეგმება „წანერის ჩანჩქერის“, „ტვიბერის ჩანჩქერის“, „ლეირაყის ჩანჩქერის“, „ლათაშის ჩანჩქერის“, „უშბის (შდუგრას)“, „ლთნარის ტბის“ და „ნამყვამის ტბის“ ბუნების ძეგლების შექმნა.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიებისთვის განსაზღვრული არეალები ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია. აღნიშნულ ტერიტორიებზე გავრცელებულია 61 სახეობის ძუძუმწოვარი, საქართველოს ტერიტორიაზე მობუდარი ფრინველების 155 სახეობა, 15 სახეობის ქვეწარმავალი და 9 სახეობის ამფიბია, ასევე სხვა სახეობები.
როგორც გეგმაშია აღნიშნული, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი აღნიშნული ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაციაა.