უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, ომის დასრულების მიზნით დონბასის რუსეთისთვის გადაცემას არ დათანხმებოდა, - ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს, რომელსაც ბუდანოვი ესაუბრა.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი და უკრაინა ამჟამად ომის ესკალაციის ციკლში არიან, ნაწილობრივ იმისთვის, რომ საბოლოო მოლაპარაკებაში უპირატესობა მოიპოვონ.

„მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დრონებითა და რაკეტებით უტევს, ბუდანოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში და აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე განახლდება“, - წერს The New York Times-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ორად გაიყო. კარნეგის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილება ბუდანოვს აღწერს, როგორც იმ ფრაქციის ლიდერს, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას უჭერს მხარს და არა უფრო დიდი დანაკარგების განცდის რისკის წინაშე ყოფნას. ჯგუფის თქმით, სხვა უკრაინელი ლიდერები ნებისმიერი მნიშვნელოვანი დათმობის წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ ეს არმიასა და საზოგადოებას დემორალიზებას გამოიწვევს.

ამასთან, ბუდანოვმა The New York Times -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ მან ურჩია ზელენსკის, არ დათანხმებოდა დონბასთან დაკავშირებულ რაიმე კომპრომისს, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემდა, თავისი დროშის აფრიალებით კონტროლი დაემკვიდრებინა.

„ტერიტორიის დათმობით მოსკოვი ისეთ ჯილდოს მიიღებდა, რომლის მიღებაც მისმა არმიამ ვერ შეძლო“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა ამ თვეში განახლდეს, ცეცხლის შეწყვეტის პირობების შექმნა გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა. ბუდანოვის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი უკრაინის გატეხვას კიდევ ერთი სტრატეგიული ზამთრის დაბომბვის კამპანიით შეეცდება.

ამავდროულად, უკრაინელი ჩინოვნიკი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესი ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს.

„მოლაპარაკებები საბოლოოდ რაღაცამდე მიგვიყვანს. მარადიული ბრძოლა შეუძლებელია“, - განაცხადა ბუდანოვმა.

წყარო: ipn.ge