საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დასაცავად და მისი აღდგენისთვის საჭირო საინჟინრო პროექტების მომზადებაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით დაახლოებით $2.5 მილიონი გამოიყოფა. შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში შერჩეულმა საკონსულტაციო კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროზე არანაკლებ 9 პრიორიტეტული ტერიტორიისთვის დეტალური საინჟინრო პროექტები უნდა მოამზადოს. ერთ-ერთ სამიზნე ლოკაციად დოკუმენტში ქობულეთის სანაპიროა დასახელებული. დანარჩენი ტერიტორიები სამუშაოების საწყის ეტაპზე შეირჩევა, მათ შორის სანაპიროს ეროზიის საფრთხის, ეკონომიკური და ტურისტული მნიშვნელობის, არსებული ინფრასტრუქტურისა და კლიმატური რისკების გათვალისწინებით.
ADB-ის შეფასებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დაახლოებით 115 კილომეტრზეა გადაჭიმული, ხოლო სანაპირო ეროზია საფრთხეს უქმნის როგორც პლაჟებსა და ინფრასტრუქტურას, ისე სანაპირო დასახლებებსა და ბიზნესს.
დოკუმენტის მიხედვით, ეროზიის ერთ-ერთ მიზეზად მდინარეებიდან ზღვის მიმართულებით ნატანის შემცირებული მოცულობა სახელდება. რისკებზე ასევე გავლენას ახდენს ზღვისპირა დინებები, ადამიანის საქმიანობა, შტორმების გაძლიერება და ზღვის დონის მატება.
საკონსულტაციო კომპანიის სამუშაოები სანაპიროს მხოლოდ კვლევით არ შემოიფარგლება. სპეციალისტებმა უნდა ჩაატარონ ტოპოგრაფიული და ბათიმეტრიული კვლევები, ნატანის სინჯების აღება და ლაბორატორიული ანალიზი, გეოტექნიკური კვლევები, ასევე შეისწავლონ სანაპირო დინებები და ჰიდროდინამიკური პროცესები.
მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა მომზადდეს სანაპიროს დაცვის სხვადასხვა საინჟინრო გადაწყვეტა. განსახილველ ვარიანტებს შორისაა პლაჟების ხელოვნური შევსება, ნატანის გადაადგილების სისტემები, წყალქვეშა ტალღმტეხები და სანაპიროს გამაგრება. ასევე შეფასდება ბუნებაზე დაფუძნებული და ჰიბრიდული მიდგომები.
საინჟინრო გადაწყვეტების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მათი ტექნიკური ეფექტიანობა, ღირებულება, გარემოზე ზემოქმედება და, განსაკუთრებით ტურისტულ ტერიტორიებზე, ვიზუალური და ესთეტიკური ფაქტორები.პროექტი ასევე მოიცავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას. კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს 2050 და 2100 წლებისთვის ზღვის დონის შესაძლო მატება, შტორმების გაძლიერების სცენარები და მათი გავლენა სანაპიროზე. ამასთან, უნდა განისაზღვროს სანაპიროს დაცვისთვის საჭირო ნატანის სავარაუდო მოცულობა და სისტემების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა.
კვლევის ერთ-ერთი მიმართულება პროექტის ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასებაც იქნება. კერძოდ, უნდა გამოითვალოს, რა შესაძლო ზარალის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი სანაპიროს დაცვის შედეგად საცხოვრებელი და სხვა ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სექტორებისთვის. შეფასება ასევე მოიცავს ტურიზმსა და დასაქმებაზე შესაძლო გავლენას და სხვადასხვა საინჟინრო გადაწყვეტის ხარჯთსარგებლიანობის შედარებას.
მომზადებული პროექტები შემდგომში სანაპიროს დაცვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის საჭირო ტენდერებში იქნება გამოყენებული. საკონსულტაციო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს სამუშაოთა მოცულობები და ხარჯთაღრიცხვები, ტექნიკური სპეციფიკაციები, საინჟინრო ნახაზები, მშენებლობის გრაფიკი და სატენდერო დოკუმენტაცია.
დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, ძირითადად, რამდენიმე ლოკაციის ერთიან პაკეტებად გაერთიანების გზით და ღია კონკურენტული პროცედურებით იგეგმება.
ამასთან, $2.5 მილიონი უშუალოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობას არ მოხმარდება — თანხა საინჟინრო პროექტირებისა და შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისთვის არის გათვალისწინებული. ADB-ის დოკუმენტაციაში ძირითადი საკონსულტაციო მომსახურებისა და სხვა ხარჯებისთვის $2.534 მილიონია, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის დამატებით $126.677 ათასი არის გათვალისწინებული.
საკონსულტაციო მომსახურება 9 თვე გაგრძელდება. ინცეფციის ანგარიში კომპანიამ სამუშაოების დაწყებიდან 4 კვირაში, შუალედური ანგარიში 16 კვირაში, დეტალური საინჟინრო პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი 32 კვირაში, საბოლოო დოკუმენტაცია კი 36 კვირაში უნდა წარადგინოს.
კონსულტანტის შერჩევა ხარისხისა და ღირებულების საფუძველზე (QCBS), ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განხორციელდება. ინტერესთა გამოხატვა 3 სექტემბერს გამოცხადდა, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა კი 2 ოქტომბერია. სამუშაოების სავარაუდო დაწყების თარიღად 2027 წლის 1 აპრილია მითითებული.