პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.

“რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა დაანონსდა, რა თანამდებობაც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი.