მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება აბუ-დაბიში დღეს გაიმართება. ქართველი მებრძოლი ოქტაგონში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებლად გავა. შეხვედრის წინ კი ყურადღებას იპყრობს ის თანხა, რომლის მიღებაც დვალიშვილს რუს მეტოქესთან გამარჯვების შემთხვევაში შეუძლია.
სპორტული გამოცემა Sports.kz-ის ინფორმაციით, დვალიშვილის გარანტირებული ჰონორარი ამ ბრძოლისთვის 350 000 ევროს შეადგენს. გამოცემის ცნობით, ეს მხოლოდ საწყისი თანხაა და მებრძოლის საბოლოო შემოსავალი შესაძლოა გაიზარდოს.
რაც შეეხება პიოტრ იანს, მას დვალიშვილთან შეხვედრისთვის გარანტირებულად 500 000 აშშ დოლარი აქვს გათვალისწინებული. ექსპერტების შეფასებით, რუსი სპორტსმენის საერთო ანაზღაურებამ შესაძლოა მინიმუმ 1.43 მილიონ დოლარს მიაღწიოს.
აბუ-დაბიში დაგეგმილი ღონისძიების სხვა მონაწილეთა სავარაუდო ჰონორარებიც ცნობილია. ალექს ვოლკანოვსკი, რომელიც მთავარ ბრძოლაში მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება, გარანტირებულად 985 000 დოლარს მიიღებს. არსებული ინფორმაციით, მის შემთხვევაში გამარჯვებისთვის დამატებითი ბონუსი შესაძლოა არ იყოს გათვალისწინებული.
ევლოევის გარანტირებული ანაზღაურება კი, სავარაუდოდ, 159 000 დოლარი იქნება. რუსი მებრძოლის გამარჯვების შემთხვევაში ეს თანხა შესაძლოა გაორმაგდეს.