რუსეთი საქართველოსთან რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას განიხილავს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსეი შევცოვის განცხადებით, მოსკოვს „მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყნებთან“ თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი მოდელების შეთავაზების პოტენციალი აქვს.

შევცოვმა ამის შესახებ ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.

„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელების შეთავაზება და ამას ვაკეთებთ კიდეც ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი და ყაზახეთი, ასევე ყველა მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყანასთან“, – განაცხადა შევცოვმა.

მისივე შეფასებით, რეგიონთაშორისი კავშირები მხოლოდ ვაჭრობითა და საქონლის გაცვლით არ უნდა შემოიფარგლოს და თანამშრომლობა ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს.

შევცოვმა საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება 2025 წელსაც გააკეთა. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მისი შეფასებით, შეძლო წინააღმდეგობის გაწევა „ტრადიციულ წეს-წყობილებაზე შეტევისა და კავკასიელი ხალხებისთვის უცხო ფსევდოღირებულებების დანერგვის მცდელობისთვის“.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ არსებობს.