არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების – რომელსაც თავად მალვინის კუნძულებად მოიხსენიებს – დაბრუნება ქვეყნის მუდმივი მიზანია.
"მალვინის კუნძულები არგენტინას ისტორიულად და სამართლებრივად ეკუთვნის. ამაზე დავა არ არსებობს [...]კუნძულები ჩვენია და ისინი წაგვართვეს." – თქვა მილეიმ სატელევიზიო მიმართვაში.
მისი თქმით, კუნძულების მოსახლეობას თვითგამორკვევის ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რადგან ისინი "მიტაცებულ ტერიტორიაზე ჩასახლებული მოსახლეობაა".
მილეიმ ასევე თქვა, რომ სუვერენიტეტის დაცვასა და კუნძულების დაბრუნებას "პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, ეკონომიკურად გავლენიანი და სამხედრო თვალსაზრისით პატივსაცემი" არგენტინა სჭირდება.
ამასთან, არგენტინის პრეზიდენტმა ფოლკლენდის კუნძულებთან ნავთობის მომპოვებელი კომპანიებისთვის სანქციების გამკაცრებაც დააანონსა.
მილეის მიმართვას წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები. კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ვაშინგტონი კუნძულებთან დაკავშირებით თავის ისტორიულად ნეიტრალურ პოზიციას, ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "მე ყველა პოზიციას ყოველთვის განვიხილავ. ეს მრავალთაგან მხოლოდ ერთ-ერთია".
თავის მხრივ, მილეის განცხადებებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ედ მილიბენდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლონდონის პოზიცია ურყევია: "კუნძულები ბრიტანულია და ასე დარჩება, რადგან კუნძულელთა აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ასეთია".
თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა კი თქვა, რომ ფოლკლენდისადმი ბრიტანეთის ერთგულება "აბსოლუტური და ურყევია".