„2022 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში 97 381 პოტენციური ბენეფიციარიდან ტელემედიცინის სერვისებით მომსახურება მიიღო მხოლოდ 3 883 ბენეფიციარმა (4%-მა)“,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს.
აუდიტორული დასკვნიდან ჩანს, რომ 6 სოფლის ექიმს საერთოდ არ გამოუყენებია ტელემედიცინის სერვისი.
დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის სექტორში ტელემედიცინის დანერგვის უზრუნველსაყოფად, 2021 წლის 23 აპრილს 2 829 850 ლარის ხელშეკრულება გააფორმა და შეისყიდა ექვსი სხვადასხვა სახის (ოტოსკოპი, ოფთალმოსკოპი, დერმატოსკოპი, კარდიოგრაფი, სტეტოსკოპი, სპირომეტრი) სამედიცინო დანიშნულების, ჯამში − 50 ცალი ტელემედიცინის აპარატი თავისი ფუნქცონალებით. თუმცა, აუდიტის პერიოდისათვის, საქართველოში ტელემედიცინის არსებული სერვისების დანერგვა განხორციელდა ნაწილობრივ და ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სერვისების მიწოდებაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 50 სოფელი და 54 სოფლის ექიმი.
ტელემედიცინის აპარატურით პაციენტების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ სამი მიმართულებით: ოტოსკოპი, დერმატოსკოპი, კარდიოგრაფი, რომლებიც განთავსებულია სოფლის ამბულატორიებში.
აუდიტი მიუთითებს შემდეგ ხარვეზებზე:
- 2021 წელს შეძენილი 2 829 850 ლარის ღირებულების 6 ხელსაწყოდან აუდიტის პერიოდისთვის არ იყო გამოყენებული სამი, რომელთა ჯამური ღირებულება 1 280 800 ლარია;
- ტელემედიცინის აპარატები საქართველოს მასშტაბით განთავსებულია 50 სოფელში, თუმცა აღნიშნული სერვისის დანერგვის მიზნით, საჭიროების განსაზღვრის ეტაპზე, სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული გეოგრაფიული და დემოგრაფიული ფაქტორები;
- გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, არ იყო შემუშავებული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდებოდა აპარატურის გადაცემა სოფლის ამბულატორიებისთვის. სოფლის ამბულატორიებსა და მუნიციპალიტეტში არსებული გეგმური ამბულატორიის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებული მანძილის შესწავლით გამოვლინდა, რომ 35 შემთხვევაში სოფელსა და მუნიციპალიტეტს შორის მანძილი 5-დან 18 კმ-მდეა, ხოლო 15 შემთხვევაში − 22-დან 67 კმ-მდე;
- მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ აჭარის, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმზემო სვანეთის იმ სოფლებში, სადაც განთავსებულია ტელემედიცინის აპარატურა და ამავე რეგიონების მუნიციპალიტეტებს შორის გეოგრაფიული მანძილის შესწავლით გამოვლინდა, რომ რეგიონებში არსებობს მუნიციპალიტეტებთან გაცილებით დიდი მანძილით დაშორებული სოფლები, სადაც ბენეფიციართა რაოდენობაც მეტია, ხოლო მოსახლეობა არ იღებს ტელემედიცინის სერვისს;
- დაბალია პაციენტების მიერ სერვისის მიღების მაჩვენებელიც, 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში, 97 381 პოტენციური ბენეფიციარიდან ტელემედიცინის სერვისებით მომსახურება მიიღო მხოლოდ 3 883 ბენეფიციარმა (4%-მა);
- ტელემედიცინის სერვისების ამოქმედების თარიღიდან, 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე, 6 სოფლის ექიმს საერთოდ არ გამოუყენებია ტელემედიცინის სერვისი;
- სოფლის ექიმების უმრავლესობა ტელემედიცინის სერვისების დანერგვას აფასებს დადებითად, თუმცა მათივე აზრით არსებობს ნაკლოვანებებიც, რაც, ძირითადად, გამოვლენილია ზოგიერთ შემთხვევაში აპარატურის ტექნიკური გაუმართაობით და ინტერნეტის არქონის/მიწოდების ხარისხით;
- შერჩეული 5 სოფლიდან, სადაც არ ფიქსირდება ტელემედიცინის სერვისით სარგებლობა ან გამოყენებულია მინიმალურად ადგილზე ვიზიტისას, სამ სოფელში დაფიქსირდა, რომ სოფლის ამბულატორიას ასევე არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.