საქართველოში დასაქმებული იმიგრანტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტაქსისა და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში. ამასთან, როგორც "სიომი რითეილის" ხელმძღვანელი რევაზ მაღალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ძალიან მალე ეს ტენდენცია სხვა ტიპის "რითეილზეც" გავრცელდება, რადგან ქვეყანაში კადრების დეფიციტია.
აღნიშნულ საკითხს საზოგადოების ნაწილის მხრიდან საკმაოდ ნეგატიური შეფასება აქვს, მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მათივე განმარტებით, კურიერებსა და ტაქსის მძღოლებს მისამართების პოვნა უჭირთ და ენის ბარიერის გამო, მათთან კომუნიკაციას თითქმის ვერ ამყარებენ.
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე “ბიზნესპარტნიორი” დაინტერესდა თუ რა ეტაპების გავლა უწევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასაქმებისთვის და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი. განმარტებისთვის "ბიზნესპარტნიორმა" შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ნატო ნათენაძეს მიმართა.
უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება და აღსრულების პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული.
მისივე განმარტებით, საქართველოში იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდე უმაღლესი განათლება და ქართულ ენის ცოდნა სავალდებულოა, თუმცა იგივე ვალდებულება კერძო სექტორში არ არსებობს. ნატო ნათენაძის განმარტებით იმისთვის, რომ უცხოელი საქართველოში დასაქმდეს საჭიროა: საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი გზით იყოს შემოსული, დამსაქმებელ კომპანიაში შრომითი ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში იყოს რეგისტრირებული.
“2023 წლის მაისიდან საკანონმდებლო აქტებში საკმაოდ დიდი ცვლილება შევიდა, სადაც ძალიან მკაფიოდ განხორციელდა დათქმების გაჩენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეგულაციები უნდა არსებობდეს უცხოელის საქართველოში დასაქმებისთვის.
ეს ცვლილება უფრო დაკონკრეტებისკენ იყო მიმართული. როგორც დამსაქმებლისთვის, ისე იმ უცხოელისთვის, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლა და საქმიანობის დაწყება სურს, დამატებითი რეგულაციები გაჩნდა.
კანონმდებლობის კუთხით, მნიშვნელოვანი სიახლე - უცხოელის საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს ეხება და მისი დღევანდელი რედაქცია 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ცვლილებები, ასევე, უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონს შეეხო. მიზანი ამ ორი კანონის არის ის, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელის საქართველოში შრომითი მოწყობის საკითხი განსაზღვრული იყოს და ასევე, მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის ურთიერთობები დეტალურად გაიწეროს.
ამ საკანონმდებლო აქტების სტრუქტურა არის ის, რომ დაარეგულირონ, დაამონიტორინგონ და აღასრულონ. ეს გულისხმობს შემდეგს - 2023 წლიდან - დღემდე ძალაში შემოვიდა შრომითი მიგრაციის მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა. ამას გარდა, ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელის დასაქმების პროცესის საკანონმდებლო რეგულირება გაიწერა. როგორც უცხოელმა ისე კომპანიამ იცის, თუ რა პირობები და ვალდებულებები უნდა დააკმაყოფილოს. ამას გარდა, პასუხისმგებლობის ნორმები შემოვიდა, ანუ სანქციები დაწესდა, რითაც თუ რომელიმე მხარე თავის ვალდებულებას დაარღვევს შესაბამისი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
ამ მიზნებისა და მექანიზმების აღსრულებაში კოორდინირებულად რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული. მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც ელექტრონულ სისტემას მართავს. შრომის ინსპექციის სამსახური აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს. ასევე, არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვიზით შემოსვლა და დასაქმება უწევთ, D1 კატეგორიის ვიზებს გასცემს. ცალკე არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მასში შემავალი სერვისების განვითარების სააგენტო. ხოლო მეოთხე უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ.
კანონში შეტანილი ცვლილებებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი შემოვიდა - მათ შორის, შრომითი იმიგრანტი და მისი ადგილობრივი დამსაქმებელი. ყველა იმიგრანტი არ არის შრომითი, ეს უნდა იყოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელი (თუ მას უკვე აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსი, მაშინ ამ რეგულაციებში არ მოექცევა) და ის ადგილობრივ დამსაქმებელთან უნდა ახორციელებდეს შრომით მოწყობას და ანაზღაურებად საქმიანობაში უნდა იყოს ჩართული. მეორე სავალდებულო კრიტერიუმია ის, რომ უცხოელი საქართველოში კანონიერად უნდა იმყოფებოდეს. დაუშვებელია გარკვეული უკანონო გზით საქართველოში მოხვედრილი უცხოელის დასაქმება, რადგან დამსაქმებელია ვალდებული აღნიშნული ფაქტი გადაამოწმოს. გარდა ამისა, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
მეორეს მხრივ, ადგილობრივი დამსაქმებელი გახლავთ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ინდ. მეწარმე, ამხანაგობა, ან უცხოური ორგანიზაციის რეგისტრირებული წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობთ შრომითი თანამშრომლობის გაფორმების უფლება აქვს,“ - აცხადებს ნატო ნათენაძე.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 38 117 იმიგრანტია რეგისტრირებული.
„ელექტრონულ სისტემაში უცხოელ მოქალაქეს შესაბამისი კომპანია არეგისტირებს და შეჰყავს მათი პირადი მონაცემები. მათ შორის, დაბადების თარიღი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, განათლება, პროფესია და გამოცდილება. შესაბამისად, სისტემაში შეყვანილი ინფორმაცია ზოგადად ქვეყანას ეხმარება, რომ განჭვრიტოს თუ რომელი საკადრო პროფესიაა დეფიციტური. ეს მონაცემები სამინისტროს მიზნებისთვის ერთგვარი ანალიტიკაა. რა წამსაც დამსაქმებელი კომპანია ხელშეკრულებას გააფორმებს იმიგრანტთან მას 30-დღიანი ვადა აქვს, რომ ეს რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში განახორციელოს. ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა პირდაპირ ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო აღნიშნულ სისტემაში მინიჭებული ნომერი გადამწყვეტია პირი მიიღებს თუ არა შრომით ბინადრობის ნებართვას“, - აცხადებს ნატო ნათენაძე.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს შრომის კოდექსი საქართველოს მოქალაქის მიმართ რა სტანდარტსაც ითვალისწინებს, აბსოლუტურად იმავეს ითვალისწინებს იმიგრანტთან მიმართებით, მათ შორის, 20%-იან საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებას.
„შრომითი მიგრაციის კანონს რამდენიმე ნიუანსი აქვს დამატებული. მაგალითად, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქესთან შესაძლებელია, თუნდაც უვადო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს, იმიგრანტის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა ამბობს, რომ ერთი და იმავე დამსაქმებელსა და ერთი და იმავე იმიგრანტს შორის შრომითი ურთიერთობა 30 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ხელშეკრულება აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა დაიდოს“, - აღნიშნა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.
ნატო ნათენაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით აღნიშნული რეგულაციის აღსრულების ინსპექტირების შედეგები ასეთია - შრომის ინსპექციამ ადგილობრივი დამსაქმებლებისგან ინსპექტირება 150-მდე კომპანიაში განახორციელა, საიდანაც დარღვევა 91-ს გამოუვლინდა.
„კომპანიების ნაწილმა სასჯელის სახით გაფრთხილება მიიღო, ხოლო ნაწილმა ჯარიმა. თუ გვაქვს შემთხვევა, რომ არალეგალ ან უკანონოდ მყოფ პირთან გვაქვს გადაკვეთა, აქაც კომპეტენციის ფარგლებში რეფერირებას ვიყენებთ და აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობებთ“, - აღნიშნავს ნატო ნათენაძე.