საქართველოში მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, შეხვედრები საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და ბათუმში იმართება. კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის, ამათ ამაროვის ინფორმაციით, კვირეული ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ამ მიზნისთვის კი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შშმ პირებზე ადაპტირებული საინფორმაციო რგოლები და ბროშურები მოამზადა.

როგორც ამაროვი „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნავს, სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი, სკოლის მოსწავლეები არიან. 

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი 2022 წელს ამოქმედდა და ამ დროიდან ვცდილობთ მოსახლეობაში ცნობიერების დონე ავამაღლოთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული. გახსნითი ღონისძიება 10 მარტს, თბილისში გაიმართა, მონაწილეები ძირითადად მომხმარებლის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები არიან: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სემეკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, კომუნიკაციების კომისია და ეროვნული ბანკი. კვირეულის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მომხმარებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩატარებული ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახებ, ასევე ვისაუბრეთ გამოწვევებზე. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან 2024 წელს ჩვენ აქტიურად დავიწყეთ შშმ პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ ყრუთა კავშირის წევრები, ასევე უსინათლოთა კავშირის წევრები. ჩვენი და სხვა მარეგულირებლების მიერ მომზადდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც შშმ პირებზეა ადაპტირებული. მართალია, გახსნითი ღონისძიება თბილისში იყო, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება: 12 მარტს ჩავალთ ახალქალაქში, 14 მარტს ზუგდიდში, ხოლო დახურვის ღონისძიება 15 მარტს, ბათუმში იქნება. მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ ინფორმაციას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუზიარებდით, განსაკუთრებით კი ისეთ სკოლებს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებზეა გათვლილი“,- ამბობს ამათ ამაროვი „კომერსანტის“ ეთერში.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობაში ინფორმაციის გაზრდასთან ერთად, რეგიონებში მიმართვიანობა იმატებს. ამას სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოწმობს. ასევე, აქტიური ინტერაქცია რეგიონული შეხვედრების დროს.

„რეგიონებში, მოსახლეობის აქტიურობამ პირველივე კვირეულიდან გაგვაოცა. მაგალითად, გურჯაანში, კახეთის რეგიონში, 300-ზე მეტი მომხმარებელი ესწრებოდა ჩვენს ღონისძიებას და ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, იმავეს თქმა შემიძლია სხვა რეგიონებზეც. სტატისტიკასაც რომ დავაკვირდეთ, დასაწყისში, განცხადებების 90% მაინც თბილისზე მოდიოდა. რა თქმა უნდა, განცხადებების რაოდენობა უფრო მზარდია, თუმცა დღეს, თბილისზე 79% მოდის; მაჩვენებლები რეგიონებზე გადანაწილდა, რაც სასიხარულოა. აღნიშნული შეხვედრების დროს მომხმარებლებს ვაცნობთ თუ ვის უნდა მიმართონ, როგორ დაწერონ განცხადება, რა უფლებები გააჩნიათ- ძირითადი აქცენტი მათი ცნობიერების ამაღლებაზეა. 

საქართველოში მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის თარიღს ძირითადად ერთ დროს ვემთხვევით: 10-15 მარტი პერიოდს. ჩვენ შარშან ეროვნული სტრატეგია დავამტკიცეთ, რომლითაც გაწერილია ჩვენი გეგმები, მიდგომები და განსახორციელები სამუშაოები. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ თვეში ერთხელ რამდენიმე სკოლას ვესტუმრებით და ეს არ იქნება მხოლოდ თბილისის სკოლები. მაგალითად, მარტის ბოლოს წალკასა და მარნეულში მივდივართ.

ჩვენ ასევე მოვამზადეთ სპეციალური ვიდეორგოლი, რომელშიც განხილულია ყველა ძირითადი დეტალი, მაგალითად, როგორ შეავსონ განცხადება. 2024 წლის განმავლობაში დიდი გეგმები და ამბიციები გვაქვს და ბევრი საინტერესო რამ გველოდება წინ“- აღნიშნა ამათ ამაროვმა რუბრიკაში “კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა”.