Global Benefits Georgia-ს  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტონაწილებზე ფასები ყოველწლიურად მზარდია, სადაზღვევო კომპანია დაზღვევის ფასის მნიშვნელოვან გაზრდას არ პროგნოზირებს.

როგორც ის „კომერსანტთან“ განმარტავს, გასულ წელს ავტოდაზღვევის და ზოგადად სადაზღვევო სექტორში ფასების მკვეთრი ზრდა სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების ფინანსური პორტფელით იყო განპირობებული.

„სადაზღვევო  სექტორში ტარიფები ზარალების მოცულობას პირდაპირ უკავშირდება, ანუ რომელ სადაზღვევო კომპანიას, რა ტიპის ზარალი ჰქონდა კონკრეტულ წელს, ასევე როგორ მოხდა ზარალების მართვა და მენეჯმენტი.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია,  გავითვალისწინოთ, გაძვირდა თუ არა ავტომანქანის ნაწილები.

სტატისტიკურად, ფასები ყოველწლიურად მზარდია, დაახლოებით 3-იდან 7%-მდე, თუმცა, ალბათ, სადაზღვევო კომპანიები პორტფელიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას.

ჩვენ რადიკალურ გაძვირებას არც ვგეგმავთ და არც ვაპირებთ, თუმცა 5%-მდე ავტომატურ გაძვირებას რაც შეეხება, შეიძლება იმ ავტომობილებზე, რომლებზეც მეტად გაძვირდა მომსახურება, დაფიქრდეს.

ანალოგიური შემიძლია ვთქვა, ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებითაც. ყოველწლიურად მცირედით იზრდება ფასები, რაც მედიკამენტებზე  ფასების ზრდიდან გამომდინარეობს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ მოხმარებას, რადგან წელი შეიძლება უფრო დატვირთული იყოს ვირუსებით და სხვადასხვა ავადობით.

Global Benefits Georgia  არც ჯანმრთელობის დაზღვევაზე და არც ავტოდაზღვევაზე ტარიფების რადიკალურად გაძვირებას არ ველოდებით“,- აღნიშნა Global Benefits Georgia-ს  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.