ქართული ბრენდი Emocia Wines ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ახალი კოლექცია ბაზარზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გამოჩნდება.
მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქციის თემატიკა მხოლოდ ქართული არ იქნება და აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
"მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე მზარდია. დაარსების დღიდან ყოველწლიურად დაახლოებით, 20-30%-ით იზრდება. ბრინჯაოს და მარმარილოს სუვენირები, მათ შორის, ქვევრი, ყურძენი და ვაზი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან, მათ შორის, კორპორატიული სეგმენტი და ასევე, უცხოელები. ჩვენი გაყიდვების 50% ფიზიკურ პირებზე მოდის, ხოლო 50% კორპორატიულ სეგმენტზე. ადგილობრივი ბაზრის გარდა, Emocia Wines-ის ნივთები ნიუ იორკში, ერთ-ერთ ქართულ მაღაზიაში და ასევე, ონლაინ გაყიდვების პლატფორმა etsy.com-ზე იყიდება", - აცხადებს თამარ აბულაძე.
მისივე ინფორმაციით, ასორტიმენტის გაზრდის შემდეგ ქართული ბრენდი Emocia Wines - უცხოურ ბაზრებზე გასვლას უფრო აქტიურად გეგმავს.
ცნობისთვის, ქართული ბრენდი Emocia Wines, რომელიც მარმარილოსგან, ბრინჯაოსა და სხვადასხვა ძვირფასი ქვისგან სრულიად განსხვავებულ, ღვინის თემატიკის სუვენირებს, სამკაულებს და აქსესუარებს ამზადებს, ქართულ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. ბრენდის თითოეულ პროდუქტს პასპორტი აქვს, სადაც წარმოდგენილია კონკრეტული ვაზის ჯიშის, ან საქართველოს შესახებ ინფორმაცია. Emocia Wines ამჟამად, დაახლოებით, 8 პროდუქტს აწარმოებს, ესენია: სუვენირები, ბრინჯაოს ბროშები, ბროში მტევანი, აბრეშუმის შარფები, მაისურები, ჩანთები და სხვ. კომპანიის სლოგანია - "საუკეთესო ქართული საჩუქარი".
კომპანიის საწარმო და ბრენდული მაღაზია თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარეობს. რაც შეეხება ნედლეულს - Emocia Wines ძვირფას ქვებს ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე - ძირითადად, აზიურ ქვეყნებში ყიდულობს.