მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში  მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ისაუბრა მიზანზე, რომ საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგდეს, ასევე თქვა რომ „მიზანია ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ, წლიურ ჭრილში, 11%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 14%-ით გაიზარდა, რაც დღევანდელი ჩვენი დისკუსიის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ეს ზრდა გვავალდებულებს, მოვემზადოთ დერეფნის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. საქართველო ამ ამოცანას პასუხობს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული, 10-წლიანი საგზაო რუკის მეშვეობით, რომლის ფარგლებში 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთანავე, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე „შუა დერეფნის“ განვითარებაში ჩინეთის როლზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მისი განცხადებით, ჩინეთის ინვესტიციები სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში რეგიონული ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“, – განაცხადა მინისტრმა.

ქვრივიშვილის თქმით, საქართველო აქტიურად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და მზად არის, ჩინეთთან და მარშრუტში ჩართულ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა გააძლიეროს.

„ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ“, – აღნიშნა მან.