რთველის ფარგლებში ჩასაბარებელი ყურძნის ფასები შეიცვალა,- გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ფასების ცვლილება წელს უხვი ნალექით არის განპირობებული, რის გამოც ყურძენმა სათანადო შაქრიანობის მიღება ვერ შეძლო.
ახალი ფასები ყურძნის კონდიციურობის მიხედვით განისაზღვრა:
მაღალკონდიციური ყურძენი:
- საფერავი — 20 გრადუსიდან ზემოთ: 1.50 ლარი;
- რქაწითელი და სხვა ჯიშები — 19 გრადუსიდან ზემოთ: 1.30 ლარი.
დაბალკონდიციური ყურძენი:
- საფერავი — 16-დან 20 გრადუსამდე: 1 ლარი;
- რქაწითელი და სხვა ჯიშები — 16-დან 19 გრადუსამდე: 90 თეთრი.
მეხუზლას განმარტებით, 16 გრადუსამდე შაქრიანობის მქონე ყურძენი არაკონდიციურად ჩაითვლება, რადგან ის არც ღვინის წარმოებისთვის და არც სპირტის მისაღებად არის ვარგისი. ასეთ შემთხვევაში ყურძნის ფასი 50 თეთრი, ჰიბრიდული ყურძნის შემთხვევაში კი 30 თეთრი იქნება.
მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.
ამასთან, მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი უკვე მოქმედი ფასებით ჩააბარეს, ახალი ტარიფების შესაბამისად თანხა გადაეთვლებათ და ფასთა სხვაობა დაუკომპენსირდებათ.