გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა.
პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: აჩინებული, აქტო, ბრიცა, ჰობი, Nuts Incorporated, ველინგტონი და ემელ ფუდ ჯორჯია, სტენდები.
მათ გამოფენის სტუმრებს ქართული წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია წარუდგინეს, მათ შორის: ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი.
ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გიორგი ავალიანის განცხადებით აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ზრდის, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებისთვის.
საერთაშორისო გამოფენა „World of Private Label International Trade Show“, რომელიც 19-20 მაისს ჩატარდა, კერძო ეტიკეტის (Private Label) ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა. გამოფენა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კომპანია და სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს