"ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ ინდური ავიაკომპანია "ინდიგო", რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები გააუქმა, ზამთრის სეზონზე ქართულ ბაზარს კვლავ დაუბრუნდება.
"საქმიანი დილის" რუბრიკაში "საუბრები ავიაციაზე" სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ავიაკომპანიებს კარგ შეთავაზებებს უკეთებს, რათა ისინი საქართველოს ავიაბაზარზე მოიზიდოს.
„ვმუშაობთ ახალ ბაზრებზე, იმიტომ რომ ვხედავთ როცა რაღაც კონფლიქტია, საქართველო ყოველთვის ექცევა დარტყმის ქვეშ. ასე ვთქვათ, მთავარი სამიზნე განსაკუთრებულად თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ხდება. სამწუხაროდ, ძალიან დიდი კლება გვაქვს.
ამიტომ, ასევე ვაპირებთ, რომ განვავითაროთ სხვადასხვა მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული მიმართულებები. არსებულ და ახალ ავიაკომპანიებთანაც, ასე ვთქვათ, ძალიან აგრესიული მოლაპარაკებები გვაქვს. ანუ, ვუკეთებთ საკმაოდ კარგ ფასდაკლებებსა და შეღავათებს, რომ მოვიზიდოთ და ჩამოვიყვანოთ ისინი საქართველოში.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი. დღესდღეობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს: China Southern-ი და „აღმოსავლეთ ჩინეთის ავიაკომპანია“, რომელიც ივლისიდან ოპერირებას შანხაის მიმართულებით იწყებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია.
ასევე მნიშვნელოვანი ბაზარია ინდოეთი, თუმცა „ინდიგომ“ ამ მოვლენების გამო რეისების განხორციელება შეწყვიტა. რამდენიმე დღის წინ, შეგვეხმიანენ და ზამთრის სეზონიდან ისინი კვლავ გააგრძელებენ ოპერირებას.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩართულობაც, იმიტომ რომ ზუსტად ყველაზე კრიზისულ პერიოდში, როცა ბათუმის აეროპორტს ყველაზე მეტად უჭირდა, მაგალითად, აზერბაიჯანის ავიახაზებმა ბათუმიდან დაიწყო ოპერირება. მაისში უნდა დაეწყოთ, თუმცა თხოვნის საფუძველზე ჩვენი პოზიცია გაითვალისწინეს და ბაქოს მიმართულებით რეისების შესრულება 16 აპრილიდან დაიწყეს.
ასევე, ბათუმში იწყებს ოპერირებას FlyOne ერევნის მიმართულებით. FlyArystan-ი კი პირველად ბათუმიდან, ასევე ივლისიდან, რეისებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან შეასრულებს, ანუ სამი მიმართულებით", - აცხადებს ზაქარაძე "საქმიანი დილის" ეთერში.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონი ოქტომბერ-მარტის პერიოდს მოიცავს.