ყაზახეთი და ირანი ტვირთების ტრანზიტის გასაძლიერებლად პორტებზე წვდომას აფართოებენ. ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დასრულებულია პროცედურები ყაზახეთისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ შაჰიდ რაჯაის პორტში, ბანდარ აბასში, ირანის მთავარ სამხრეთ პორტში, სპარსეთის ყურეში. ყაზახეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს ირანისთვის პორტის ობიექტების, ნავმისადგომების და ტერმინალების შეთავაზება აქტაუსა და კურიკის კასპიის პორტებში, ირანის ლოჯისტიკური ოპერაციების მხარდასაჭერად.
ექსპერტი საგარეო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პრეცედენტი უკვე გვაჩვენებს, რომ ირანთან ქვეყნები ეტაპობრივად დაიწყებენ აქტიურ ურთიერთობას.
“ომამდე ირანის მსგავს რეჟიმთან ურთიერთობას ყველა უფრთხოდა. ახლა უკვე ვხედავთ, რომ ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე თამამად მიდის ყაზახეთი. ვხედავთ, რომ თვითონ ამერიკა აწერს ირანთან შეთანხმებას ხელს და ეს უხსნის ხელ-ფეხს ყაზახეთს ირანთან სარფიანი ურთიერთობებისთვის. ამ ომის შემდეგ, ვფიქრობ, ირანი თანდათანობით გაიხსნება დანარჩენი სამყაროსთვის, რომელი ქვეყანაც დაასწრებს ირანთან ურთიერთობას ის მოიგებს.
რაც შეეხება საქართველოს არსებულ გარემოებებში. მოგეხსენებათ ჩვენი ნებისმიერი მოძრაობა დიდ ნერვიულობას იწვევს ხოლმე საზოგადოებაში. ჯერჯერობით ვერ მომწიფდა იმის გაგება, რომ სამყარო შეიცვალა. როცა ჩინეთი მსოფლიოს მეორე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მასთან ურთიერთობაზე უარის თქმა არის სიბრიყვე. ყველა ქვეყანა იბრძვის ჩინეთთან სარფიან ურთიერთობაზე და საქართველომ რატომ უნდა თქვას უარი ამაზე“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ "კომერსანტის ეთერში" საუბრისას.