შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია - თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე გაუგრძელა - სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონზე მეტი შესწირეს, - ამის შესახებ კვლევას სახელწოდებით - "ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს?" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევიდან ირკვევა, რომ ფოთის სტრატეგიულ სექტორს რამდენიმე გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს. გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები, როგორებიცაა, სისტემური კორუფციის ნიშნები, პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა, რუსული გავლენები, თანამდებობის პირების ბიზნესინტერესები.

კვლევაში მონაცემები 6 ჯგუფად იყოფა. თითოეული მათგანი ერთიანდება იმ ფინანსური, პოლიტიკური და ნათესაური კავშირების მიხედვით, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქ ფოთის სტრატეგიულ აქტივებს. პირველ ჯგუფში შედიან თევზჭერასა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ პირები: დავით წიწილაშვილი, სულხან პაპაშვილი, ხახუბიების ოჯახი და ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული პირები. 

"თევზჭერის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეწირულებების სახით 1,488,100 ლარი გაიღეს, ყველაზე მეტი - 1,282,000 ლარი მმართველი პარტიას მისცეს“, - წერია კვლევაში.