ნებისმიერი ტიპის მოგზაურობაზე ფასები დაახლოებით 30-40%-ით არის,- ამის შესახებ BTL Georgia-ს ბიზნესგანვითარების დირექტორმა, გურამ ავალიანმა რადიო "კომერსანტის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაზრდილია როგორც საწვავის, ისე ავიაბილეთებისა და სხვა ტრანსპორტირების სერვისების ფასები.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ მძიმედ აისახა ჩვენს სერვისთან დაკავშირებული ბევრი პროდუქციის ფასებზე, მათ შორის საწვავზე, შესაბამისად ტრანსპორტირება ძალიან გაძვირდა, რაც ეხება როგორც ავიაბილეთებს, ისე ნებისმიერ ტიპის ტრანსპორტს. მოსალოდნელია, რომ უფრო მკვეთრ შედეგებს რამდენიმე თვეში დავინახავთ, რადგან ფასების კიდევ უფრო მასშტაბურ ზრდას ველოდებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთულია იმის თქმა, რომ კონფლიქტის უახლოეს დღეებში დასრულების შემთხვევაშიც კი ამ პრობლემების თავის არიდება შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ გაძვირდა არამხოლოდ ავიაბილეთების ფასი, არამედ საგრძნობლად შემცირდა რეისების რაოდენობაც. ნავთობის ლიმიტირების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი და შესრულებული რეისების რაოდენობაც კი შემცირებულია. ნებისმიერი ტიპის მოგზაურობაზე ფასები დაახლოებით 30-40%-ით არის გაზრდილი, იქნება ეს შემომყვანი ტურიზმი თუ გამყვანი ნებისმიერი მიმართულებით",- აღნიშნა ავალიანმა.
გურამ ავალიანის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს საქართველოს ტურისტულ სექტორზე არაერთგვაროვანი გავლენა აქვს - ნაწილი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, საქართველო დუბაისა და სხვა არაბული ქალაქების ალტერნატივად იქცა, თუმცა შემომყვან ტურიზმზე დამოკიდებული ბიზნესებისთვის ვითარება მკვეთრად გაუარესდა.
,,ჩვენი ტურიზმი დაახლოებით 6 წელია, რაც ცვალებადობის პირობებში არსებობს და ყველა კომპანია ამ სიტუაციასთან უკვე ადაპტირდა. დუბაი და სხვა არაბული ქალაქები ჩვენ პირდაპირ კონკურენტებს წარმოადგენდნენ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, ამიტომ კონფლიქტის ფონზე ბიზნესის ნაწილი საქართველოში გადმოვიდა. ეს ბენეფიტურად აისახა ჩვენ კომპანიაზე და ბაზრის რამდენიმე მოთამაშეზე, რომელსაც დივერსიფიცირებული აქვს პორტფოლიო. ამის ფონზე, ბევრი კომპანიის ოპერირება შემომყვან ტურიზმზე იყო კონცენტრირებული და მათთვის სიტუაცია, რა თქმა უნდა გაუარესდა. საერთო ჯამში, ბაზარი საკმაოდ დიდ ზარალს იღებს, რადგან სპარსეთის ყურეში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საკმაოდ დიდ ზარალს იღებს, რადგან გალფის ქვეყნებიდან მომავალი ტურისტების უდიდესი ნაწილი უბრალოდ დაიკარგა",- აღნიშნა გურამ ავალიანმა "კომერსანტის" ეთერში.