მნიშვნელოვანი პროცესი დავიწყეთ, რაც უკავშირდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1-ლი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება.
„1-ლი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4 %. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი - გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით - რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.
ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.