მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულებისთანავე ტურიზმმა მკვეთრი ნახტომი გააკეთა, ამ ეტაპზე ბაზარზე მოთხოვნის კლება შეიმჩნევა - ამის შესახებ BMG-სთან ტურისტული კომპანია Travel as Art-ის დამფუძნებელი ეკატერინე გელოვანი საუბრობს.
მისი შეფასებით, აქტივობა და მოგზაურობაზე მოთხოვნა საქართველოდან დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული, რაც დიდწილად მომხმარებელთა სიფრთხილითაა განპირობებული.
„ამ ეტაპზე, რადგანაც საჰაერო მიმოსვლა შეიცვალა, მომხმარებლები შეშინებულები არიან და ეს ბუნებრივია. თუ ადრე ერთი და იგივე მგზავრისგან წელიწადში მინიმუმ, ოთხი მოთხოვნა გვქონდა, ახლა ეს მაჩვენებელი განახევრდა. ამ ეტაპზე მოთხოვნა, 30%-ით მაინცაა დაკლებული“, - აცხადებს გელოვანი BMG-სთან.
რაც შეეხება ფასებს, ეკატერინე გელოვანი აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ფასების ზრდამ ტურიზმის შეჩერება ვერ მოახერხა - პირიქით, მოთხოვნაც და ღირებულებაც გაორმაგდა. ამ ეტაპზე კი, ფასების კლება მოსალოდნელი არ არის.
„ფასების კლება, სამწუხაროდ, ალბათ არ იქნება. ჩემი სურვილია, რომ ფასები მაინც დასტაბილურდეს, თუმცა, შემცირების მოლოდინი არ მაქვს“, - აღნიშნავს Travel as Art-ის დამფუძნებელი.
გარდა ფასებისა, სექტორისთვის გამოწვევად იქცა საჰაერო მიმოსვლის გართულება, განსაკუთრებით, გრძელ დისტანციებზე. გარკვეული ფრენების შეზღუდვამ ტურისტულ კომპანიებს აიძულა, ალტერნატიული, ხშირად უფრო რთული და ძვირად ღირებული გზები ეძებონ.
გელოვანი განმარტავს, რომ Travel as Art-ს ტურების გაუქმების პრეცედენტი არ ჰქონია, თუმცა მუშაობის პროცესი გართულდა.
„ბილეთის ფასი გაგვიძვირდა - ძირითადად იმიტომ, რომ შემოვლითი გზით სხვა ბილეთის აღება მოგვიწია. თვითონ გზაც გართულდა - თუ ადრე მარტივი, 3-4 საათიანი გადაჯდომა იყო, ახლა, მაგალითად, წინა თვეში, 8-9 საათიანი ლოდინი მოგვიწია რეისებს შორის. გაცილებით არამორგებული რეისები ეწყობა, თუმცა ჯერჯერობით ვახერხებთ, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ“ - აცხადებს ეკატერინე გელოვანი.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ 641 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აქედან რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. ამ ვიზიტებიდან 329 ათასი ტურისტული ტიპის იყო, რაც საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 1.7%-იანი ზრდაა.
I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა, შემდეგ მოდის საყიდლები (32%), ხოლო მესამე ადგილზეა დასვენება და გართობა (20%).