„ადგილობრივი ბაზარი ისევ პროფიციტულია, 2023 წელს ზედმეტად შემოტანილი ავტომობილები, 60 ათასი ერთეული ავტომობილი, 2024-ში ბოლომდე არ გაიყიდა“,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძე BPN-თან აცხადებს.
მისი თქმით, ამის გამო ავტოდილერები დიდწილად ავტომობილებს თავის ფასში ყიდიან, რის გამოც, ბაზარზე ფასები შენარჩუნებულია.
„ადგილობრივი ბაზარი ისევ პროფიციტულია, 2023 წელს ზედმეტად შემოტანილი ავტომობილები, 60 ათასი ერთეული ავტომობილი, 2024-ში ბოლომდე არ გაიყიდა. ვერ დაბალანსდა მოთხოვნა-მიწოდება. ამის გამო, 2024 წელს იმპორტიც გარკვეულწილად შემცირებული იყო. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა 2025 წლის იანვარშიც.
ეს თავისთავად გარკვეულწილად ფასებზე გავლენას ახდენს იმ კუთხით, რომ დიდწილად მოგების გარეშე იყიდება ავტომობილები, ამიტომ ფასები შენარჩუნებულია. ავტოიმპორტიორებს არ უღირთ უფრო დაბალ ფასად გაყიდვა, რადგან ისედაც თვითღირებულებაში ყიდიან. სხვა შემთხვევაში ზარალზე წავლენ... ამიტომ რაღაცნაირად ფასები იგივე დარჩა.
თუ მოთხოვნა-მიწოდება, შესაბამისად, ბაზარი დაბალანსდა. მერე უკვე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეგვეძლება ფასებზე საუბარი, გაძვირდება თუ გაიაფდება“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
მეორე მხრივ, ქართულ ბაზარზე აშშ-დან იმპორტირებული მეორადი ავტომობილების გაძვირების მოლოდინია. ადგილობრივი ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი აშშ კანადისა და მექსიკის ავტოინდუსტრიას ტარიფებს დაუწესებს, ამას გავლენა ქართულ ბაზარზეც ექნება.
როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, აშშ-ს მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფებს დაწესება საბოლოოდ საქართველოში მეორად ავტომობილებსაც გააძვირებს. ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ შესაბამისი ასახვა საქართველოს ბაზარზე ტარიფების დაწესებას 3-6 თვის ვადაში ექნება.
“როდესაც აშშ-ში ახალი ავტომობილები გაძვირდება, ბუნებრივია, ადგილობრივი მომხმარებელი ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ახალ ავტომობილს შეიძენს. შესაბამისად, მეორადი ავტომობილების ბაზარზე მიწოდება შემცირდება და ფასებიც გაიზრდება. აშშ-ს მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებიდან დაახლოებით 3-6 თვეში გამოჩნდება, რამდენად იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ჩვენს ბაზარზე. ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება ავტომობილებს საქართველოს ბაზარზეც გააძვირებს. 25%-იანი ტარიფის დაწესება აშშ-დან იმპორტირებულ მეორად მანქანებზე ფასებს 15-20%-ის ფარგლებში გაზრდის”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსთვის აშშ მეორადი ავტომობილების მთავარი საიმპორტო ბაზარია, შტატების მიერ ტარიფების დაწესების შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების გაძვირებას ელიან კომპანია “კავკასიის ავტოიმპორტშიც.” თუმცა კომპანიის კომერციული დირექტორის შეფასებით, საქართველოს ავტო ინდუსტრიაზე ამ პროცესებს შედარებით მცირე გავლენა ექნება.
“აშშ-ს ბაზარზე ავტომობილებზე ფასების ზრდა ავტომატურად აისახება ქართულ რეალობაში, რადგან ჩვენ მეორადი მანქანების უმრავლესობა ამერიკიდან შემოგვაქვს. აშშ-ში რამდენად გაძვირდება ახალი ავტომობილები და შემდეგ მეორადი, საკითხი ესაა. ვინაიდან შტატებში ახალი ავტომობილების დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით იწარმოება, მიუხედავად იმისა, ბრენდი ამერიკული თუ არა. მათზე ეს გადასახადები არ იმოქმედებს და გაძვირდება. შესაბამისად, იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფის დაწესება არ ნიშნავს და არ უდრის, აშშ-ში 25%-ით ახალი ავტომობილების გაძვირებას. ეს შესაძლოა, საბოლოო ჯამში 5%-იან გაძვირებას შეიძლება უდრიდეს”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის ავტო იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე ტარიფების ამოქმედება ერთი თვით, 2 აპრილამდე გადავადდა.
შეგახსენებთ, 2024 წელს ქვეყანაში 209 828 ერთეული (3.511 მლრდ აშშ დოლარის) ავტომობილი შემოვიდა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. საქსტატის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 219 638 ერთეული (3.323 მლრდ აშშ დოლარის) მანქანის იმპორტი განხორციელდა. ეს კი, 37%-ით მეტი იყო 2022 წლის მაჩვენებელზე. ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან 106 051 ერთეული (2.426 მლრდ აშშ დოლარი)ავტომობილი გავიდა, ხოლო წინა წელს 107 898 (2.126 მლრდ აშშ დოლარის).
რაც შეეხება 2025 წლის იანვრის მონაცემებს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 25%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში იმპორტირებულია 8 880 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 151 მილიონ დოლარს აღწევს. წინა წელს იმავე თვეში კი 196.4 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 11 892 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.
საქართველოში 1.7 მლნ. ავტომობილია რეგისტრირებული. 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდე გაიზარდა, რაც წლიურად 6.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი ავტომობილი გასულ წელს თბილისში დარეგისტრირდა.