„ადგილობრივი ბაზარი ისევ პროფიციტულია, 2023 წელს ზედმეტად შემოტანილი ავტომობილები, 60 ათასი ერთეული ავტომობილი, 2024-ში ბოლომდე არ გაიყიდა“,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამის გამო ავტოდილერები დიდწილად ავტომობილებს თავის ფასში ყიდიან, რის გამოც, ბაზარზე ფასები შენარჩუნებულია.
„ადგილობრივი ბაზარი ისევ პროფიციტულია, 2023 წელს ზედმეტად შემოტანილი ავტომობილები, 60 ათასი ერთეული ავტომობილი, 2024-ში ბოლომდე არ გაიყიდა. ვერ დაბალანსდა მოთხოვნა-მიწოდება. ამის გამო, 2024 წელს იმპორტიც გარკვეულწილად შემცირებული იყო. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა 2025 წლის იანვარშიც.
ეს თავისთავად გარკვეულწილად ფასებზე გავლენას ახდენს იმ კუთხით, რომ დიდწილად მოგების გარეშე იყიდება ავტომობილები, ამიტომ ფასები შენარჩუნებულია. ავტოიმპორტიორებს არ უღირთ უფრო დაბალ ფასად გაყიდვა, რადგან ისედაც თვითღირებულებაში ყიდიან. სხვა შემთხვევაში ზარალზე წავლენ... ამიტომ რაღაცნაირად ფასები იგივე დარჩა.
თუ მოთხოვნა-მიწოდება, შესაბამისად, ბაზარი დაბალანსდა. მერე უკვე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეგვეძლება ფასებზე საუბარი, გაძვირდება თუ გაიაფდება“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, 2024 წელს ქვეყანაში 209 828 ერთეული (3.511 მლრდ აშშ დოლარის) ავტომობილი შემოვიდა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. საქსტატის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 219 638 ერთეული (3.323 მლრდ აშშ დოლარის) მანქანის იმპორტი განხორციელდა. ეს კი, 37%-ით მეტი იყო 2022 წლის მაჩვენებელზე. ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან 106 051 ერთეული (2.426 მლრდ აშშ დოლარი)ავტომობილი გავიდა, ხოლო წინა წელს 107 898 (2.126 მლრდ აშშ დოლარის).
რაც შეეხება 2025 წლის იანვრის მონაცემებს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 25%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში იმპორტირებულია 8 880 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 151 მილიონ დოლარს აღწევს. წინა წელს იმავე თვეში კი 196.4 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 11 892 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.