თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზებისთვის ელექტრონულ აუქციონზეა გამოტანილი. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის ყოფილი აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ 4 969 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N01 შენობა-ნაგებობას. აღნიშნული ტერიტორია ლოგისტიკური და სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს მდებარეობს.
აუქციონის საწყისი ღირებულება 1 850 000 ლარს შეადგენს, ხოლო ბიჯის მინიმალური ოდენობა 5 000 ლარია. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის დასადასტურებლად 185 000 ლარის ოდენობის საგარანტიო თანხა უნდა გადაიხადონ.
ვაჭრობა 20 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს, 17:00 საათზე დასრულდება. ამ დროისთვის აუქციონზე არცერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ლოტის მიმდინარე ღირებულება კვლავ საწყის ფასს – 1.85 მილიონ ლარს შეადგენს.
გასაყიდი ქონება რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით 01.19.15.001.134 და მდებარეობს თბილისის აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პირობების თანახმად, მიწის ნაკვეთზე გადის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მილსადენი, ხოლო ტერიტორიას კვეთს სს „თელასის“ ელექტროგადამცემი ხაზი, რაც პოტენციურმა მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ.
დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქონება თბილისის აეროდრომის დაცვის ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ტერიტორიაზე ნებისმიერი ახალი შენობა-ნაგებობის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს ვაზიანის აეროდრომისთვის დადგენილ სიმაღლის შეზღუდვებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ პირებს ქონების დათვალიერება აუქციონის დასრულებამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის აუცილებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან წინასწარი შეთანხმება.
აუქციონში გამარჯვებულმა შესყიდვის თანხა 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება იუსტიციის სახლში აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა გააფორმოს. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება, ხოლო საგარანტიო თანხა ბიუჯეტში გადაირიცხება.