"როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი", - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლითაც სამორინეებს საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.

როგორც გუგა ბესელიამ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ საფუძვლიან მოკვლევას არ ეფუძნება.

„პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩემი ჩართულობა იყო ნულოვანი, რადგან, როგორც წესი, მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება ხოლმე. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს არის ფაქტი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები და საკუთარ თავს ნამდვილად მივაკუთვნებ იმ ადამიანთა სიას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ ამ საკითხთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მქონია.

ზოგადად, ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხის კანონად ქცევა, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ მოკვლევას. ვინმე თუ დამისახელებს, ამასთან დაკავშირებით რამე კვლევა ჩატარდა თუ არა და რა მონაცემები აჩვენა ამ კვლევამ, სიამოვნებით ჩავიკითხავდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი კვლევა არ არსებობს.

როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი.

ჩვენ ყურადღება დიდად არ მივაქციეთ ივნისში შემოღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ივნისში მოხდა ასეთი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე: საერთაშორისო ოპერატორებს აქვთ ოპერირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და დაბეგვრის მაჩვენებელი, თუკი ქართული ონლაინ სამორინეების შემთხვევაში არის 20%, იქ არის 5%.

ეს არის კოლოსალური განსხვავება, რაც უცხოურ კომპანიებს მისცემს ძალიან დიდ მარკეტინგულ უპირატესობას ქართულ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში.

შესაბამისად, იქ კი იყო განმარტებული, რომ ეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილი პროექტია, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება და აღსრულება?!

იმიტომ, რომ მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, 25 წლამდე პირებისთვის აკრძალულია გემბლინგთან ურთიერთობა, თუმცა 25 წლამდე პირების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც თამაშობს სხვისი "ექაუნთით" საზღვარგარეთის ონლაინ კაზინოებში.

შესაბამისად, ჩვენ ქაღალდზე გვიწერია, რომ 25 წლამდე ადამიანებისთვის თამაში არის აკრძალული, მაგრამ ფაქტი მეორეა", - განაცხადა გუგა ბესელიამ.

მისივე თქმით, ასევე არანაირ კვლევას არ ეფუძნებოდა აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევის გადაწყვეტილებაც, რაც უკვე კონკრეტულ სტატისტიკაში აისახა.

„იგივეს ვამბობდი ზღვარის 25 წლამდე ასაკის აწევასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ასაკის 25 წლამდე აწევას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და ეს გვერდითი მოვლენები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ეროვნული ბანკის ახალ სტატისტიკაში, რომელმაც აჩვენა, რომ პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% გადარიცხულია საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებში.

იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან 25 წლამდე და არიან თამაშდამოკიდებულები, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უკვე საზღვარგარეთ ითამაშონ.

სწორედ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით თავის დროზე. ეს საკითხიც ისე მიიღეს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ალბათ, კანონმდებლებს უბრალოდ ეგონათ, რომ ასე უკეთესი იყო. გადაწყვეტილება კონკრეტული ინდივიდის შეხედულებაზე იდგა და არა კვლევაზე. ეს, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალური მიდგომაა, ჩემი ღრმა რწმენით", - განაცხადა გუგა ბესელიამ გადაცემაში "საქმე".

წყარო: Bpn.ge