ევროკავშირში იაფფასიან ონლაინამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებლებმა 2028-2034 წლებში შესაძლოა ევროკავშირის ბიუჯეტში ყოველწლიურად 6 მილიარდი ევრო შეიტანოს,- ამის შესახებ ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ახალი მოსაკრებლები განსაკუთრებით ისეთ ჩინურ ელექტრონული კომერციის პლატფორმებს შეეხება, როგორებიცაა Shein-ი და Temu. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირში იაფფასიანი იმპორტის ნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩინეთიდან შედის.

ევროკომისიის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირში 150 ევროზე ნაკლები ღირებულების დაახლოებით 5.8 მილიარდი ამანათი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა. კომისიის შეფასებით, ამ გზავნილების უმრავლესობაში საქონლის რეალური ღირებულება ხელოვნურად იყო შემცირებული, რათა გამგზავნებს საბაჟო გადასახადებისთვის თავი აერიდებინათ.

ამასთან, ევროკავშირი 1 ნოემბრიდან იაფფასიან ამანათებზე დამატებით 2-ევროიან მოსაკრებელს აწესებს. ეს გადასახადი დაემატება ივლისის დასაწყისიდან უკვე მოქმედ 3-ევროიან მოსაკრებელს და საბოლოოდ თითოეულ ცალკეულ ნივთზე დაწესებულ გადასახადს გაზრდის.

ცვლილებების გავლენაზე უკვე ისაუბრა Temu-ს მფლობელმა კომპანია PDD Holdings-მა. აგვისტოში კომპანიაში განაცხადეს, რომ ახალი რეგულაცია ბიზნესის გარკვეულ მიმართულებებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა, თუმცა ფინანსური შედეგების კონკრეტული შეფასება არ წარმოუდგენიათ.

რაც შეეხება Shein-ს, კომპანია შემოსავლის დაახლოებით მესამედს ევროპულ ბაზარზე იღებს. თუმცა რეგიონში მისი გაყიდვები მოსაკრებლების ამოქმედებამდეც შემცირდა, რასაც ფასების ზრდა და სარეკლამო დანახარჯების შემცირება უკავშირდება.