2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი მენეჯერებს ჰქონდათ, ყველაზე დაბალი კი – არაკვალიფიციურ მუშაკებს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

საქსტატის ინფორმაციით, მენეჯერების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 3 609 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც არაკვალიფიციური მუშაკების ანაზღაურება საშუალოდ 1 132 ლარი იყო.

ხელფასებს შორის განსხვავება ყველა ძირითად პროფესიულ ჯგუფში გენდერული ნიშნითაც გამოვლინდა – კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას აღემატებოდა. ყველაზე დიდი სხვაობა მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა: ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2 713 ლარი იყო, კაცების კი – 4 312 ლარი. შედეგად, ამ პოზიციაზე კაცები ქალებზე დაახლოებით 59%-ით მეტს გამოიმუშავებდნენ.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის 97.4% შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა, 2.6% კი სხვა ხარჯებს მოიცავდა, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფას, თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, კულტურულ-საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.

ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ერთ დასაქმებულზე საშუალო წლიური დანახარჯი ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სხვა სახის მომსახურების სფეროში დაფიქსირდა – 14 537 ლარი.

სექტორების მიხედვით, სახელმწიფო დამსაქმებლის საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 23 329 ლარი იყო, არასახელმწიფო სექტორში კი – 28 353 ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო სექტორში ერთ დასაქმებულზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯი არასახელმწიფო სექტორის მაჩვენებელზე 17.7%-ით ნაკლები იყო.