სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულმა სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს, 2023 წელს კი მათი ზარალი 515 მილიონ ლარს შეადგენდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობას აფასებს.
ზარალის ძირითადი ნაწილი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ მოდიოდა. კომპანიის ზარალმა 2024 წელს 375 მილიონი ლარი შეადგინა, 2023 წელს კი — 407 მილიონი ლარი.
ამასთან, სახელმწიფო კორპორაციების ჯამური წმინდა მოგება 2024 წელს 393 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წინა წელს კი 283 მილიონი ლარი იყო. თუმცა, აუდიტის შეფასებით, ცალკეული საწარმოების მძიმე ფინანსური მდგომარეობა საერთო დადებითი შედეგების მიუხედავად პრობლემად რჩება.
აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო საწარმოების კვაზი-ფისკალურ საქმიანობაზეც, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათ ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, არასრულყოფილი ანგარიშგება სახელმწიფოს ურთულებს საწარმოების რეალური ფინანსური მდგომარეობისა და ბიუჯეტისთვის შესაძლო რისკების შეფასებას.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო საწარმოების მართვაში ხარვეზებია როგორც კომპანიების დონეზე, ისე მათ მფლობელ და მაკონტროლებელ უწყებებში. აუდიტი რეკომენდაციას იძლევა, გაუმჯობესდეს ფინანსური მონაცემების კონსოლიდაცია და ფისკალური რისკების შესახებ ანგარიშგება.