ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველის, რენატ ბექტუროვის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ამის შესახებ მან „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში ისაუბრა.
რენატ ბექტუროვის შეფასებით, სამიტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ბიზნესს შორის დიალოგისთვის, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ფინანსური პროდუქტების განვითარების საკითხებზე. მისივე თქმით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენას, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების შესახებ დიალოგის გაღრმავებას.
„ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს, ის ბიზნესებს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ წერტილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მონაწილეები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, გაეცნონ ქვეყნის შესაძლებლობებს და შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს“, – განაცხადა რენატ ბექტუროვმა.
AIFC-ის მმართველის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შუა დერეფნის განვითარება, რასაც თან უნდა ახლდეს ფინანსური კავშირების გაძლიერება. მისი შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ როგორც ფინტექკომპანიები, ისე ტრადიციული საბანკო სექტორი.
რენატ ბექტუროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზებას ეკონომიკური ზრდისთვის.
მისივე თქმით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ლიცენზირებული სუბიექტებისთვის ორმხრივი წვდომის პროექტზე, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებას.
AIFC - ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი ყაზახეთში, ასტანაში დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური პლატფორმაა, რომლის მიზანია ქვეყანაში და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური მომსახურების სექტორის გაძლიერება. ცენტრი აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, საინვესტიციო კომპანიებსა და სხვა მონაწილეებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კავშირების გაღრმავებას.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს