საქართველოს განათლების სისტემასა და შრომის ბაზარს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსია. ამას აჩვენებს ეკონომიკის სამინისტროს კვლევა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე პოპულარულ მიმართულებაზე უნივერსიტეტები გაცილებით მეტ ადამიანს იღებენ და ამზადებენ, ვიდრე ეკონომიკას სჭირდება. სხვა სპეციალობებზე კი მოთხოვნა კურსდამთავრებულთა რაოდენობას რამდენჯერმე აჭარბებს.
სამართლის ფაკულტეტებზე ყოველწლიურად საშუალოდ 3 598 სტუდენტი ირიცხება და სწავლას 2 047 ასრულებს. ბაზრის საშუალო წლიური მოთხოვნა 678 კადრია. შესაბამისად, კურსდამთავრებულთა რაოდენობა მოთხოვნას 1 369-ით აჭარბებს.
სოციალურ მეცნიერებებზე საშუალოდ 4 916 სტუდენტი ირიცხება და 2 591 ამთავრებს, ბაზარს კი მხოლოდ 412 კადრი სჭირდება. ფსიქოლოგიაზე 1 845 ჩარიცხულსა და 741 კურსდამთავრებულზე მოთხოვნა 43 კადრია. ჟურნალისტიკაში საშუალოდ 577 კურსდამთავრებულზე 86 სამუშაო ძალის წლიური მოთხოვნა მოდის, სოციოლოგიაში კი 381 კურსდამთავრებულზე მხოლოდ ოთხი.
საპირისპირო სურათია პედაგოგიკაში. ამ პროგრამებზე საშუალოდ 794 სტუდენტი ირიცხება და 319 ამთავრებს, მაშინ როდესაც ბაზრის წლიური მოთხოვნა 2 134 კადრია. მოთხოვნასა და კურსდამთავრებულთა რაოდენობას შორის სხვაობა 1 815 ადამიანს აღწევს.
დეფიციტია სოციალურ მუშაობაშიც: საშუალოდ 35 კურსდამთავრებულზე ბაზარს 192 სპეციალისტი სჭირდება. მსგავსი პრობლემა ფიქსირდება მშენებლობაში, ენერგეტიკაში, ქიმიურ ტექნოლოგიაში, ტრანსპორტში, საექთნო საქმესა და რამდენიმე აგრარულ მიმართულებაზე.
ეს შეუსაბამობა ბიზნესისთვის რამდენიმე პრობლემას ქმნის. კომპანიებს უჭირთ მოთხოვნადი სპეციალისტების მოძიება, ხოლო ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიების კურსდამთავრებულები ხშირად სპეციალობის გარეთ საქმდებიან. შედეგად, სახელმწიფო და ოჯახები განათლებაში რესურსს ხარჯავენ, თუმცა მიღებული კვალიფიკაცია ეკონომიკის საჭიროებებს სრულად არ შეესაბამება.
გამოსავალი სტუდენტებისთვის არჩევანის შეზღუდვა არ უნდა იყოს. თუმცა აუცილებელია აბიტურიენტებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის რეალურ მოთხოვნაზე, მოსალოდნელ ანაზღაურებასა და დასაქმების პერსპექტივაზე. პარალელურად, სახელმწიფოს შეუძლია დაფინანსებისა და სტიპენდიების მეშვეობით მეტი ახალგაზრდა მიიზიდოს იმ სპეციალობებზე, სადაც კადრების ყველაზე დიდი ნაკლებობაა.