სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ „ანტიტერორისტულ ზომებზე“ კომენტარი გააკეთა და მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზოგიერთი ძალა, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობს. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხური შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან და არავის მისცემენ უფლებას, რომ საფრთხე შეუქმნას სომხურ სახელმწიფოებრიობას.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელი ტერიტორიის დაბომბვა და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის და პოზიციების გარღვევის ოპერაცია დაიწყო. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით დაიწყო სახმელეთო ოპერაცია, რაზეც სომხეთს მანდატი არ გაუცია. ზოგიერთი ძალა, როგორც შიდა, ისე გარე, ცდილობს, სომხეთის ომში ჩათრევას. მათ ეს არ გამოუვათ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ: მთიან ყარაბაღში სომხური შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან. რაც არ უნდა რთული იყოს, განსაკუთრებით ემოციურად, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ზოგიერთ ძალას, რომ საფრთხე შეუქმნას სომხურ სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სომხეთის მთავრობის შენობის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა. ისინი პრემიერ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში შექმნილ მდგომარეობაში ადანაშაულებენ.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 2 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის 1 ბავშვი, 11 კი დაშავდა, აქედან 8 ბავშვია.