ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობის ათეულობით საქმეში ფიგურირებს, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.
გამოცემა წერს, რომ დელსი როდრიგესი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყების ყურადღების ცენტრში, წლებია, რაც არის და 2022 წელს ადმინისტრაციამ ის პრიორიტეტულ სამიზნედაც კი დაასახელა.
ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ როდრიგესის შესახებ დეტალური სადაზვერვო ფაილი შეაგროვა, რომელიც, სულ მცირე, 2018 წლით თარიღდება და აღწერილია მისი თანამონაწილეობა ისეთ საქმეებში, როგორებიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა და ოქროს კონტრაბანდა. ერთ-ერთმა კონფიდენციალურმა წყარომ სააგენტოს 2021 წელს განუცხადა, რომ როდრიგესი კარიბის ზღვის კურორტზე მდებარე სასტუმროებს ფულის გასათეთრებლად იყენებდა.
ჯერ კიდევ გასულ წელს ის დაკავშირებული იყო ნიკოლას მადუროსთან დაახლოებულ კოლუმბიელ ბიზნესმენ ალექს სააბთან, რომელიც აშშ-მა 2020 წელს დააკავა ფულის გათეთრებასა და კორუფციაში ბრალდებით.