სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 პირველ კვარტალში 14%-ით არის გაზრდილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა). სულ პირველ კვარტალში 72 546 ერთეული საჰაერო სივრცის გამოყენება დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2026 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 4%-იანი ზრდაა.

საერთაშორისო აეროპორტების მონაცემები ასე გადანაწილდა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 099 204 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8%-ს შეადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 386 238 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ი შეადგინა. იანვარ-მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 115 785 მგზავრს მოემსახურა, რაც 25.6%-ით ჩამორჩება 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლებს.

2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7799 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 5669 ფრენას, ხოლო ჩარტერების რაოდენობა 2130-ს. გასული წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა.

დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2026 წლის იანვარ-მარტში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 177 ტონა შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 32%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 20%-იან წილს ფლობს და 326 670 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary – 20% (326 670 მგზავრი);

Georgian Airways – 9% (148 955 მგზავრი);

Pegasus – 8% (133 520 მგზავრი);

Turkish Airlines – 8% (119 899 მგზავრი);

Azerbaijan Airlines – 6% (91657 მგზავრი);

bm.ge