გვიანი ტრიასული პერიოდის ზღვებში სხვადასხვა სახის ზღვის ქვეწარმავლები ბინადრობდნენ, თუმცა, ზღვის ფსკერზე კიდევ რაღაც იმალებოდა - ზღვის ამფიბია. ჩინეთში ფსკერზე მცხოვრები დიდი ჩასაფრებული მტაცებლის ნამარხი აღმოაჩინეს; ეს პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამფიბიები ოდესღაც ოკეანეში ცხოვრებასთან ადაპტირდნენ. ახალი კვლევის შედეგები ჟურნალ „Nature Ecology & Evolution“-ში გამოქვეყნდა.
აღმოჩენა, სახელწოდებით Gerrothorax maritimus, იდეალურად შემონახული ჩონჩხია, რომლის სიგრძე 74 სანტიმეტრია. ის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს ჩინეთში, გუანლინგის ოლქში, იმ ადგილას, რომელიც ამჟამად ეროვნული გეოპარკია.
მეცნიერებმა, რომლებმაც ნამარხი შეისწავლეს ვარაუდობენ, რომ ამ არსების გადარჩენის საიდუმლო მარილიან წყალში, რომელიც როგორც წესი, ამფიბიებისთვის სასიკვდილოა მათი კანის გამტარიანობის გამო, არის მისი მძლავრი ჯავშანი.

„ეს იყო გაბრტყელებული ცხოველი, რომელიც ზღვის ფსკერზე ცხოვრობდა“, - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის (დევისი) რიოსუკე მოტანი, რომელიც აღმოჩენის ანალიზში მონაწილეობდა. „სავარაუდოდ, ის ჩასაფრებით ნადირობდა: ფართო პირი და კისერში ძლიერი ჰიოიდური ძვალი მიუთითებს, რომ ცხოველს შეეძლო მსხვერპლის შეწოვა. კვების ეს სტრატეგია დამახასიათებელია მსგავსი ზომის თანამედროვე ფსკერზე მცხოვრები მტაცებლებისთვის, როგორიცაა ხალიჩისებრი ზვიგენები“.