ილონ მასკის კომპანია xAI მისისიპის შტატის ქალაქ საუთჰევენში, მონაცემთა ცენტრების მახლობლად მდებარე უბანში, 418 საცხოვრებელი სახლის შესყიდვას გეგმავს. შეთავაზების პირობაა, რომ მფლობელებმა კომპანიასთან დაკავშირებულ ხმაურის შესახებ კოლექტიურ სარჩელზე უარი თქვან და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერონ. ამის შესახებ The Guardian და Forbes წერენ.
შესყიდვის შეთავაზებებს xAI-ს შვილობილი კომპანია MZX Tech ადგილობრივი უძრავი ქონების სააგენტოს მეშვეობით ავრცელებს. შეთანხმების შემთხვევაში, სახლის გამყიდველები ვეღარ შეძლებენ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და ვეღარ წამოიწყებენ დამოუკიდებელ დავასაც. 418 სახლის შესყიდვის გეგმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და კომპანიის მიერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
საქმე ეხება ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც მონაცემთა ცენტრების ელექტროენერგიით მომმარაგებელი გაზის ტურბინების ხმაურსა და ვიბრაციას უჩივის. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და უძრავი ქონების ღირებულებაზე უარყოფითად აისახება. სარჩელი 2026 წლის ივნისში შეიტანეს.
Forbes-ის შეფასებით, 418 სახლის საშუალო ღირებულება დაახლოებით 180 000 დოლარია, შესაბამისად, მათი შესყიდვა ჯამში 75.24 მლნ დოლარი დაჯდებოდა. გამოცემის მიხედვით, ეს თანხა SpaceX-ის 2026 წლის პირველი ნახევრის შემოსავლის 1%-ზე ნაკლებია.