საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრომ  აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებული მოდელი შეიმუშავა. მისი  მიზანი ინტეგრირებული, გამჭვირვალე  და შედეგზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებაა.  ინიციატივა გათვლილია არა მხოლოდ მცირე მასშტაბის მეურნეობებზე, არამედ განვითარებაზე ორიენტირებულ საშუალო და მსხვილ პროექტებზეც. ახალმა პროგრამამ უნდა უზრუნველყოს აგრობიზნესისა და წარმოების გაძლიერება და სასურსათო უსაფრთხოების გარანტად იქცეს. 

როგორც პროგრამის ინიციატორები აცხადებენ, მართალია, არსებული აგროდაფინანსების პროექტების ნაწილი ძალაში რჩება, თუმცა იცვლება მიდგომა - ცალკეული კომპონენტების ნაცვლად, ამიერიდან დაფინანსდება ერთიანი, სრულყოფილი პროექტები. აღნიშნულს სოფლის განვითარების სააგენტო უკვე არსებული ბიუჯეტით უზრუნველყოფს.

,,აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია უკვე გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა და ვრცლად შეაფასა, „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა, რომელიც წარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას აერთიანებს.

,,ჩვენ დღეს ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოგისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს. აქამდე თუ  ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენასა და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

,,ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. გვინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის პერსპექტივა.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის, პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში - 40%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და სოფლის მეურნეობაში ბოლო წლებში მიღწეულ შედეგზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს რამდენიმე პრიორიტეტულ სექტორს, მათ შორის: მეცხოველეობა, მებაღეობა, მარცვლეული კულტურები, სათბურები, გადამამუშავებელი წარმოება, შენახვა-გაგრილების ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტები. აქცენტი კეთდება ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც ზრდის ადგილობრივ წარმოებას, ამცირებს იმპორტდამოკიდებულებას და ქმნის დამატებულ ღირებულებას რეგიონებში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანია საქართველოს აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება.

,,აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. შედეგად, ჩამოვაყალიბეთ სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას. პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბენეფიციარებს სთავაზობს თანადაფინანსების მოდელს, სადაც პროექტის ღირებულების 50% ან 40% სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, დარჩენილი ნაწილი კი თავად მონაწილემ უნდა უზრუნველყოს. თანადაფინანსების პროპორცია დამოკიდებულია პროექტის ტიპზე, მიმართულებაზე, რეგიონზე და საინვესტიციო სპეციფიკაზე.

უფრო ვრცლად, თუ რას ითვალისწინებს ახალი მოდელი, როგორ განხორციელდება  პრაქტიკაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" და  რა შედეგზე იქნება  ორიენტირებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ ისაუბრა.

,,ბიზნეს-რეზონანსი": რა პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს ახალი პროგრამა, რა საჭიროებებს და გამოწვევებს პასუხობს, რა ძირითად მიზანს ემსახურება?

ლაშა დოლიძე: აგრარულ სექტორში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ პოზიტიური ძვრებია. ეს ეხება როგორც წარმოების, ასევე ექსპორტის მაჩვენებლებს, თუმცა რამდენად გვაკმაყოფილებს განვითარების ის ტემპი, რომელიც დღეს გვაქვს აღებული? საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა საკმაოდ რთული ხდება დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მხედველობაში მაქვს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სირთულეები, სატარიფო პოლიტიკა და ზოგადად ბევრი ქვეყნის მიერ პროტექციონიზმისკენ აღებული კურსი. მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია სასურსათო უსაფრთხოება. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა  დიდწილად დამოკიდებულია რამდენიმე პროდუქტის იმპორტზე, საუბარია ხორცის და რძის პროდუქტებზე. აღარ შევეხები მარცვლეულს, რომლის შესახებ ინფორმაცია ისედაც ცნობილია.

ვფიქრობთ, ახალი მექანიზმის მეშვეობით უკეთ შევძლებთ ამ ორი გამოწვევის გამკლავებას. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რაც გრძელვადიან ჭრილში ქვეყანას დაეხმარება სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ამ სექტორში მეტი კაპიტალი და ცოდნაა საჭირო, ამიტომ  დახმარების შეთავაზება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება.

,,ბ-რ": პროგრამის ფარგლებში, კრიტერიუმები რის მიხედვით შეირჩევა და რომელ მიმართულებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება?

ლ.დ:  იგეგმება თანამედროვე მექანიზმებისა და ინსტრუმენტების დანერგვა, ასევე  განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემები. სექტორის მდგრადი განვითარების და  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის განსაკუთრებული ყურადღება აგროსასურსათო სექტორის კომერციალიზაციას დაეთმობა.

დაფინანსების ძველ სქემაში არსებული პრიორიტეტები დარჩა, თუმცა აქცენტები გაკეთდა შედარებით ახალ მიმართულებებზე. პრიორიტეტები ჩამოყალიბებულია, მაგრამ გეზი აღებული  გვაქვს და ესეც შედეგს გამოიღებს. გავაძლიერებთ დაფინანსებას მეცხოველეობის მიმართულებით. აგრარულ სექტორში დასაქმებულ  ქართველ მეწარმეთა უმრავლესობას ახსოვს  ბევრი პროგრამა, რომელიც საქმიანობის ამა თუ იმ სფეროს აფინანსებდა სხვადასხვა  საფინანსო ინსტრუმენტის მეშვეობით. შევეცადეთ ახლა ყველა ისინი ერთი  ქოლგის ქვეშ მოგვექცია, გამოვყავით დაფინანსების კონკრეტული ობიექტი - ერთი ფერმა, მიწის ნაკვეთი ან პროექტი და განვსაზღვრეთ მისი თანამედროვე სტანდარტით მოწყობისთვის საჭირო ხარჯები და მინიმალური კრიტერიუმები. ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ სტანდარტული ბიუჯეტები, რომლებიც ბაზარზე ფასების ცვლილების შესაბამისად, ბიზნესთან კონსულტაციით პერიოდულად განახლდება. შედეგად, შეიქმნება ერთიანი დაფინანსების სისტემა.

,,ბ-რ": რა ეტაპორივი საფეხურების გავლა მოუწევთ ბენეფიციარებს, რამდენად გამარტივდება მათთვის პროცედურები?

ლ.დ: სიახლე ამ მიმართულებითაც გვაქვს, გარკვეული ნაბიჯი გადავდგათ. 1 -ლი ივლისიდან ფერმერთა რეესტრი უნდა ამოქმედდეს. მასში ბევრი პროცესი ავტომატიზებულია  მიგვაჩნია, რომ პროცესების გაციფრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. დაგროვილი ინფორმაცია გადამუშავდება და  მისი გამოყენება მომავალში შეეძლება ყველას, ვინც შემდეგში უკეთესი პროექტების დაგეგმვაში მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება მცირე ფერმერულ მეურნეობას, მაგალითად, მეფუტკრეობის სფეროში ადრე დაფინანსების ქვედა ზღვარი 7500 ლარი იყო, ახალი მოდულებით ეს ზღვარი იწევს მაღლა, გააჩნია სექტორს. ახალი პროგრამა მიმართული იქნება საშუალო და გაფართოების პოტენციალის მქონე ბიზნესის წახალისებისკენ. ვთვლით, რომ ასე მარტივად შეიძლება ისეთი პროექტების შექმნა, რომელიც არა მარტო სახელმწიფოს, არამედ კომერციულ დაფინანსებასაც მოიზიდავს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება კონკრეტული პროექტების ისეთ შედეგს, რომელიც სხვებისთვის სადემონსტრაციო იქნება. მან უნდა დაგვანახოს, რომ ამ სექტორში საკმაოდ სარფიანი და კარგისაქმის კეთება რეალურად არის შესაძლებელი.

,,ბ-რ": პროგრამის ეფექტიანობის შეფასება რა მექანიზმით მოხდება, თუ გაქვთ შემუშავებული?

ლ.დ: ცხადია, ესეც შემუშავებული გვაქვს, მონიტორინგის მექანიზმს მიენიჭება განსაკუთრებიული ყურადღება. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა დაფინანსების წინანდელ მონიტორინგს, თუ სურს მაძიებელს, მოიპოვის დაფინანსება, ის ვალდებული იქნება წინასწარ დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რომელიც უკვე ბაზაში ასახული იქნება, მერე უკვე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა სიტუაციას, აქვს თუ არა ბიზნესს  შესაბამისი ფართი, ხომ არ აქვს დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, და ა.შ. საკმაოდ გრძელი  ნუსხაა. ამის შემდეგ უკვე ბოლო ეტაპზე გადავდივართ. დასრულებისას ჩაერთვება ეკონომიკური მონიტორინგი, რათა დავინახოთ, რა შედეგი მიიღო ამა თუ იმ მეწარმემ, რაც შეჯამდება. საბოლოოდ გვეცოდინება,  რა დარგში რა წარმატება გვაქვს იმ  დახარჯული რესურსით, რაც სახელმწიფოს მხრიდან ჩაიდო.

წყარო: რეზონანსი