ინდური ფარმაცევტული კომპანიის Sun Pharmaceutical Industries-ის აქციები ორშაბათს 7%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ნიუ ჯერსიში დაფუძნებულ Organon & Co-ს შეიძენს. გარიგების მოცულობად 11,75 მილიარდი დოლარი სახელდება, რაშიც ვალებიც შედის. Sun Pharmaceutical-ის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომპანია Organon-ის ყველა აქციას 14 დოლარად შეიძენს. ინფორმაციას cnbc.com ავრცელებს.
„სტრატეგიული ალტერნატივების ყოვლისმომცველი განხილვის შემდეგ, ჩვენმა საბჭომ დაადგინა, რომ ეს სრულიად ნაღდი ფულით განხორციელებული ტრანზაქცია Organon-ის აქციონერებისთვის მიმზიდველ და მყისიერ სარგებელს სთავაზობს“, - განაცხადა Organon-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, კერი კოქსმა ერთობლივ განცხადებაში. Organon, რომელიც 2021 წელს Merck-ს გამოეყო, სპეციალიზირებულია ქალთა ჯანმრთელობასა და ბიოსიმილარებში და აქვს 70-ზე მეტი პროდუქტი, რომლებიც 140 ქვეყანაში იყიდება.
ერთობლივი განცხადების თანახმად, ეს შენაძენი ხელს შეუწყობს ჯენერიკული მედიკამენტების მსხვილ მწარმოებელ Sun Pharma-ს, შევიდეს მსოფლიოს ფარმაცევტული კომპანიების ტოპ 25-ეულში.
არსებული ინფორმაციით, Sun Pharma-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 41 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
„ეს გარიგება ლოგიკური ნაბიჯია Sun Pharma-ს გლობალური ბიზნესის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა Sun Pharma-ს მმართველმა დირექტორმა, კირტი განორკარმა.
პარასკევს Organon-ის აქციები 31%-ით გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინდურმა გაზეთმა Economic Times-მა წყაროებზე დაყრდნობით მოსალოდნელი გარიგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს Organon-ს 8.6 მილიარდი დოლარის ვალი ჰქონდა.
თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Sun Pharma პრობლემურ ბიზნესს ყიდულობს. 2007 წელს მან შეიძინა ნიუ-იორკში რეგისტრირებული, ისრაელის კვლევითი ფირმა Taro Pharma, რომელიც ფინანსურად რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
Organon-ი Sun Pharma-ს მიერ ბოლო 16 წლის განმავლობაში განხორციელებული მეექვსე შენაძენია.