ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, რომელიც თანამდებობაზე აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ დაინიშნა, 15 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებით რეფორმის გატარების კანონპროექტსს წარადგენს.

როდრიგესის თქმით, ნახშირწყალბადებზე ვენესუელის კანონში რეფორმის გატარება "ხელს შეუწყობს ამ ინვესტიციების ნაკადების ახალ სფეროებში ინკორპორაციაას — სფეროებში, სადაც არასდროს ყოფილა ინვესტიციები ჩადებული და სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს."

მან ასევე დაამატა, რომ ნავთობიდან მიღებული თანხა მუშებსა და საჯარო სერვისებს მოხმარდება.

თავის მხრივ, აშშ აცხადებს, რომ ვენესუელის მთავრობასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში, ნავთობის გაყიდვებიდან უკვე მოხდა დაახლოებით $500 მილიონის გამომუშავება და ეს თანხა აშშ-ს კონტროლქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებში ინახება. Reuters-ს საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ მთავარი ანგარიში კატარში მდებარეობს.

ცნობისთვის, წინა კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ინდუსტრიის კომპანიები, აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებით, ვენესუელის ენერგოსექტორის აღსადგენად $100 მილიარდის ინვესტიციას ჩადებდნენ, თუმცა, პოტენციური ინვესტორები მყისიერად ითხოვენ ვენესუელაში სამართლებრივ რეფორმას.

გამოცემა Reuters წერს, რომ ამ დრომდე ნახშირწყალბადებზე ვენესუელის კანონში ეწერა, რომ უცხოელ პარტნიორებს სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანია PDVSA-სთან უნდა ეთანამშრომლათ და სავალდებულო იყო, რომ სახელმწიფო კომპანიას 51%-იანი წილი ჰქონოდა. თუმცა, როდრიგესს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოხდება კანონის რეფორმა.

tabula.ge