ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. დონალდ ტრამპმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დასანანია, რადგან ტარიფები არის გადასახადები, რაც ცუდია როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.

„ევროკავშირის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ კონტრზომებს. ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშებს, ბიზნესსა და მომხმარებლებს“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

პირველი არხი